არჩილ ჯორჯაძე უკვე ცუდად გრძნობდა თავს, სიცხე აწუხებდა მისუსტებულს… სასახლის ქუჩაზე, სასტუმრო “პალე როიალის” ბოლო სართულზე ცხოვრობდა და, შერყეული ჯანმრთელობის მიუხედავად, ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიის დაწერაზე სურდა მუშაობის დაწყება. ავადმყოფობაზე ვინღა დარდობდა, მხოლოდ სამუშაოზე ფიქრი უტრიალებდა თავში. ერთხელაც სასტუმროს მსახურმა დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილის, ნინო ყიფიანის სტუმრობა ამცნო. წამოდგომა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო. სტუმარი საწოლზე ტანსაცმლით წამოწოლილმა მიიღო. ტრადიციული მობოდიშება-მოკითხვის შემდეგ, მათ შორის ამაღელვებელი დიალოგი გაიმართა. ამ საუბარს ასე იხსენებდა ნინო ყიფიანი: “_ილიას ბიოგრაფია მინდა დავსწერო. ამის თქმაზედ მეორე პირის ბიოგრაფია გამახსენდა და უნებურად ცოტა შურით ვუთხარი: – ნეტავი ილიას, რომ მისი ბიოგრაფია დაიწერება და მერე ისიც თქვენგანა! – ჰო, მართლა, – მაშინვე მიხვდა არჩილი ვის ბიოგრაფიაზედაც ვიტყოდი და მაშინვე მომატანა: – ვკითხულობდი გაზეთებში დიმიტრი ყიფიანის ბიოგრაფიის შესახებ. მგონი, დაწერას აპირებენ.გადაჭრით ვუთხარი, რომ არავინ არ სჩანდა მისი ბიოგრაფიის დამწერი და დავუმატე:- აი, ბატონო არჩილ, თქვენ რომ როდისმე მოგენდომებინათ…- მე? – შემეკითხა გაფაციცებით და თან ლოგინიდან წამოიწია. – დიდის, დიდის სიამოვნებით ეხლაც დავსწერდი დიმიტრის ბიოგრაფიას, მაგრამ უბედურება ეს არის, რომ მის შესახებ მასალები ბევრს ალაგას იქნება გაფანტული და მე კი ამითი ძებნა არ შემიძლიან, ღონე არ შემწევს. ამის თქმაზე გაფაციცების ჯერი ახლა ჩემზე მიდგა და ვუპასუხე: – თქვენ ოღონდ დაწერა შესძელით, მოინდომეთ და მაგისათვის კი მე მიმსახურეთ. თვით დიმიტრის სახლშიაც ბევრი არის მასალა, მისი ხელთნაწერები. ყველას აქ მოგართმევთ. ასეთი წინადადება არჩილს ძალიან გაუხარდა და დაბეჯითებით მითხრა: – მაშ კარგი. ილიას ბიოგრაფიას გადავსდებ. იმის მასალა ბევრი მაქვს და მოვკიდებ ეხლა ხელს დიმიტრის ბიოგრაფიას. მხოლოს ამას გთხოვთ, რაც შეიძლება მალე, მალე მომაწოდეთ სახლიდან მისი ხელთნაწერები.აქ არჩილი მთლად აენთო, აშკარად ეტყობოდა ლაპარაკში, რომ დიმიტრი ყიფიანის პიროვნება ფრიად საინტერესო იყო მისთვის.”
შეპირებისამებრ, ნინომ ერთ კვირაში მიაწოდა მასალები… საოცრად აღტაცებულმა არჩილმა ყველა და ყველაფერი დაივიწყა და დაიწყო მისი ჯანმრთელობისთვის ასე დამანგრეველ რეჟიმში ცხოვრება – არაადამიანური შრომა, გატეხილი ღამეები, აღარც ჭამა ახსოვდა, აღარც სმა.
„ისე გამიტაცა ამ ბიოგრაფიამ, რომ ღამე წამოვიჭრები ხოლმე და გათენებამდინა ვსწერ.“ – ამაყად უცხადებდა მეგობრებს, რომლებიც გულში წუხდნენ – თავს არაფერი აუტეხოს ამდენი შრომითო, მაგრამ არაფერს თუ ვერაფერს იმჩნევდნენ… მხოლოდ მისმა ექიმმა და ახლობელმა შალვა მიქელაძემ გამოთქვა პროტესტი, მაგრამ არჩილმა მეგობარს გულწრფელი აღფრთოვანებით გააწყვეტინა სიტყვა.
მხოლოდ ორი რამის ეშინოდა – ვაითუ, დიმიტრი ყიფიანის ახლობლებს და ოჯახის წევრებს არ მოეწონოთ ჩემი დაწერილი ბიოგრაფია და, ვაითუ, ილიას ბიოგრაფიის შექმნა ვეღარ მოვასწროო… საკუთარ მდგომარეობას კი შეგუებული იყო…
მწერალთა სახლი – ახალი ძველი ამბები ეკა მახარაშვილისგან