„მინერალური წყლების დედოფლად“ წოდებული ბორჯომი ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმიანი წყალია ძალზე მაღალი მინერალიზაციით.
„ბორჯომის“ ისტორია თითქმის 2000 წელს ითვლის. ამ ხეობაში არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ქვისა და ხისგან გაკეთებული რამდენიმე აუზი და აბანო აღმოჩნდა. როგორც ჩანს, იმ დროს ბორჯომის წყალს სწორედ აბაზანებისთვის იყენებდნენ. თუმცა, აკადემიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა დაასაბუთა, რომ უძველეს დროში მინერალური წყალი, თავისი უნიკალური თვისებების გამო, სასმელადაც გამოიყენებოდა.
სხვა მინერალური წყლებისგან განსხვავებით, „ბორჯომი“ მიწის ზედაპირზე ამოსვლამდე გაცივებას ვერ ასწრებს და მოედინება თბილი (34-41°C), გზადაგზა ბუნებრივად იფილტრება, განიცდის მინერალიზაციას და 60 სხვადასხვა ქიმიური ელემენტით მდიდრდება, რაც მის შემადგენლობას უნიკალურს ხდის. მინერალური წყალი საჭმლის მომნელებელი სისტემის, ნაღვლის ბუშტის, თირკმლისა და სხვა ორგანოების სამკურნალოდ გამოიყენება.
XVI საუკუნის ბოლომდე „ბორჯომს“ მოსახლეობა აქტიურად მოიხმარდა, თუმცა ხშირი შემოსევებისა და ნგრევის შედეგად ბორჯომის ხეობა დაცარიელდა და სამკურნალო წყლებიც დიდი ხნით დავიწყებას მიეცა.
1825 წლის გაზაფხულზე რუსეთის იმპერიის ხერსონის გრენადერთა პოლკი ბორჯომში განთავსდა. ერთხელ ჯარისკაცებმა მდინარე „ბორჯომულას“ მარჯვენა სანაპიროზე ნაპრალიდან ვერტიკალურად ამომავალი წყარო აღმოაჩინეს. თბილი წყაროს წყალი პოლკის წევრებმა საკუთარ თავზე გამოცადეს კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა დაავადებების დროს, წყლის უნიკალური თვისებები მყისვე გამოჩნდა და შედეგმა იმდენად განაცვიფრა ყველა, რომ ბრძანება გაიცა, წყარო ქვებით შემოეღობათ და მის ახლოს პატარა ქოხი აეშენებინათ. პოლკის ხელმძღვანელი პოლკოვნიკი პოპოვი პირველი ადამიანი იყო, რომელმაც თავის ახლობლებს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ამ წყაროს წყლის დალევა ურჩია. 1841 წლისთვის „ბორჯომის“ მინერალური წყლების საოცარი თვისებები რუსეთში მთავარი სასაუბრო თემა გახდა. კურორტის და თავად წყლის უდავო ღირსებებს მაღალი შეფასება მისცა რუსეთის იმპერატორმაც, რომლის ბრძანებით 1892-1895 წლებში ლიკანში მავრიტანული სტილის ვილა რომანოვების სასახლე აშენდა.
მინერალური წყალი „ბორჯომის“ საბადო მდებარეობს საქართველოში, ქალაქ ბორჯომში მდინარე მტკვრის ვიწრო ხეობაში, აჭარა-თრიალეთის ნაოჭა სისტემის ცენტრალურ ნაწილში. ბორჯომის წყალი დედამიწის ზედაპირზე ამოდის 8-10 კილომეტრის სიღრმიდან, ბუნებრივი ნახშირორჟანგის აირის მეშვეობით. ის შეიცავს სტრონციუმს, ფთორს, იოდსა და ბორს. ბორჯომის წყალში არ ფიქსირდება ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, პესტიციდები, პოლიქლორბიფენილები, ნავთობპროდუქტები და პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები.
ბორჯომი მოიხმარება, როგორც სასმელი წყალი სამკურნალო და სუფრის მინერალური წყლის ფუნქციით.
მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელება „ბორჯომი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2012 წლის 22 თებერვალს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე.
წყარო: საქპატენტი