ენათმეცნიერებს არაერთი კვლევა აქვთ ჩატარებული სულგუნის წარმომავლობისა და სახელის შესახებ. მაგალითად, მკვლევარი იამზე ფუტკარაძე ცალკე თავს უძღვნის ყველის სახელდებებს ქართული ენის დიალექტში და წერს, რომ სიტყვა „სულდგუნი“ მოხარშული და გადაზელილი ყველის აღმნიშვნელი სიტყვაა. სუელ-ი კი „შრატს“ ნიშნავს, რაც პირდაპირ კავშირშია რძის პროდუქტთან. სვანები სულგუნს ეძახიან – სლ-დინ. და იმასაც ამბობენ, რომ სვანური სულგუნი უფრო ცხიმიანია, ვიდრე მეგრული იმიტომ, რომ მაღალ მთაში ბალახი მეტ ცხიმს წარმოშობს საქონლის ორგანიზმში.
სამეგრელოს შემთხვევაში, თუ სულგუნისგან შექმნილ ფიგურებს უძველესი საკრალური შინაარსი აქვს, სვანებისთვის სვანური სულგუნი რიტუალური ტრადიციის ნაწილია. ლიფანალის დღესასწაულსა, თუ სხვა ადგილობრივ სარიტუალო დღეებში, მიცვალებულის მოსახსენებელ საწესო სუფრაზე სულგუნს გამორჩეული ადგილი უკავია. ტაბლაზე სვანური სულგუნი თხელ ფენად ეფარება და მას სვანურად „კარზ“-ს ეძახიან.
სვანური სულგუნისთვის საჭირო რძის მიღება, გადამუშავება და წარმოება ხდება ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტებში. იქ, სადაც გამორჩეულად მრავალფეროვანი მცენარეული საფარია.
განსაკუთრებით გამოირჩევა იმ საქონლისგან მიღებული რძე, რომელიც საზაფხულო საძოვრებზე ბალახობს. მცენარეულის ბევრი ნაირსახეობა რძესაც უფრო ხარისხიანს და ნოყიერს ხდის და მისგან შექმნილ სულგუნს განუმეორებელ სურნელსა და გემოს სძენს.
უჰნა სგლგინ და გამდნარი სგლგინ ეს ორი დასახელება აღნიშნავს განსხვავებას „სვანური სულგუნის“ დამზადების ხერხებში. ერთია გამდნარი სულგუნი, მეორე კი გაუმდნარი. ერთი ტიპის ყველისგან მიღებული ასეთი მრავალფეროვნება სვანი ხალხის მრავალსაუკუნოვანმა ტრადიციამ ჩამოაყალიბა. რაც მეტი დრო ჰქონდა ხალხს ყველის დასამზადებლად, მით მეტი სახეობის მიღება შეეძლოთ. მთავარი წესი, რასაც ოდითგანვე ითვალისწინებდა სვანი ხალხი, ასეთია „ყველი უნდა დამწიფდეს და ისე იწელებოდეს“, ამბობენ სვანები და დღემდე ურყევად მიჰყვებიან ამ კანონს.
ვინაიდან სვანეთი ფართოდ გაშლილ ტერიტორიაზეა (სხვადასხვა ხეობას ერთმანეთისგან ყოფს მთათა სისტემა და საკმაოდ დიდი მანძილი), სრულიად ბუნებრივად, ყველა ხეობას აქვს თავისი შიდა მრავალფეროვნება, რომელიც ბევრ ტრადიციაში იგრძნობა, მათ შორის, ყველის დამზადებაშიც. სვანეთში მოგზაურობის დროს კი ყველას აქვს საშუალება სხვადასხვა სოფელში დააგემოვნოს სვანური სულგუნი და განსხვავებული არომატებიც აღმოაჩინოს. განსაკუთრებით ამ მრავალფეროვნებას იგრძნობთ ქვემო სვანეთში, ჩუბე ხევსა თუ ლახამულაში, სადაც სხვადასხვა მეთოდით დამზადებული სულგუნი შეგხვდებათ.
გეოგრაფიული აღნიშვნა „სვანური სულგუნი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2012 წლის 24 იანვარს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე.
წყარო: საქპატენტი