ამერიკაში მოღვაწე ქართველი კინორეჟისორის მიხეილ ყანდარელის და მისი ქალიშვილის, მარიამ ყანდარელის მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონკურსში, სადაც საუკეთესო ფილმებს სხვა ქვეყნის ფესტივალებში სხვადასხვა ნომინაციაში წარადგენენ.
კონკურსში 150-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
ფილმის სახელწოდებაა „ამერიკიდან ფიროსმანამდე“, სადაც მოთხრობილია რას ფიქრობენ ქვეყნის გარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვები სამშობლოზე.
ფილმის გენერალური სპონსორი და წარმდგენი, ქველმოქმედი, ამერიკაში მცხოვრები ქალბატონი, თამარ მოსიძეა.
ფილმი „ამერიკიდან ფიროსმანამდე“ ლონდონის პრესტიჟული ფესტივალის ნომინანტია. დაჯილდოება მარტში გაიმართება.
მიხეილ ყანდარელი 90-იანი წლებიდან დღემდე მოღვაწეობს ამ სფეროში. მან თბილისში სამხატვრო აკადემია დაამთავრა, ამერიკაში საკუთარი სტუდია აქვს, იღებს კლიპებს და ხელს უწყობს ქართულ ემიგრაციას. ახლა, ის ახალი ფესტივალისთვის ემზადება. მალე კი მამა – შვილი ახალ პროექტზე დაიწყებს მუშაობას.