გამოჩენილი ქართველი რეჟისორის – თენგიზ აბულაძის – დაბადებიდან 100 წლის აღსანიშნავად 28-31 იანვარს ეროვნული კინოცენტრი მაყურებელს რეტროსპექტივას წარუდგენს.
პროექტის „თენგიზ აბულაძე – 100“ პარტნიორები არიან საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს ეროვნული არქივი.
კინოჩვენებები საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში გაიმართება (დასწრება თავისუფალია).
მაყურებელი თენგიზ აბულაძის ფილმების აღდგენილ ვერსიებს ინგლისური სუბტიტრებით იხილავს.
იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული ნანა ჯანელიძის დოკუმენტური ფილმით – „თენგიზ აბულაძე – ნატვრის ხე” გაიხსნა.
ღონისძიებაზე სტუმრებს წარუდგინეს ქართული კინოს გამორჩეული რეჟისორის ფილმების აფიშების კოლექცია, ასევე, კინოკლასიკოსის შესახებ ნანა ჯანელიძისა და ნინო ნატროშვილის ავტორობით გამოცემული წიგნი – „თენგიზ აბულაძე – ანარეკლები“.
თენგიზ აბულაძე გამორჩეული ფიგურაა ქართული კინოს ისტორიაში. აღიარებული ქართველი რეჟისორი, რომლის ფილმებსაც არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული, დღემდე მნიშვნელოვანი ფიგურაა და მისი შემოქმედება დიდი გავლენას ახდენს მაყურებელზე. რეჟისორის ნაწარმოებებს წარმატებით აჩვენებენ მსოფლიოს წამყვან კინოფესტივალებზე.