27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა-ახმეტელის თეატრში „ანე ფრანკის დღიურის“ პრემიერა გაიმართება

„მე ანე ფრანკი მქვია. დავიბადე გერმანიაში 1929 წლის 12 ივნისს. ჩვენ სუფთა სისხლის ებრაელები ვართ…უცნაური გრძნობა მიპყრობს, როცა ვიცი, რომ ქუჩაში გასვლა არ შემიძლია, არ შემიძლია სუფთა ჰაერი ვისუნთქო, ვისეირნო, ვირბინო…“

27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა. 27, 30, 31 იანვარს, 19 საათზე, ახმეტელის თეატრში პრემიერაა – „ანე ფრანკის დღიური“ (ფრენსის გუდრიჩისა და ალბერტ ჰაკეტის პიესის მიხედვით) რეჟისორმა ოთარ ქათამაძემ განახორციელა.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში – ნაცისტური ოკუპაციის დროს, 1942 წლის 12 ივნისიდან 1944 წლის 1 აგვისტომდე თავშესაფარში გამოკეტილი, 13 წლის ებრაელი გოგონა ანელიზ ფრანკი დღიურს წერს – ნაწერები სავსეა ტრაგიკული განცდითა და თავისუფლების სურვილით – სურვილით, რომელიც ანესა და ათასობით ებრაელისთვის აუხდენელი დარჩა.

სპექტაკლში მსახიობები ცოცხლად ასრულებენ ებრაულ სიმღერებს – მუსიკალური კონსულტანტი და ვოკალის პედაგოგი ვილი გრიგორიანია, კონცერტმაისტერი – ტატიანა სტარიკოვსკაია, მხატვარი – ირაკლი ბილისეიშვილი, კოსტიუმების მხატვარი – მარიკა კვაჭაძე, არანჟირების ავტორი კი – ბოგდან სლუტი.

მონაწილეობენ: ანა ჯავახიშვილი, ნინუცა ნაჩხატაშვილი, ოთო ჩიქობავა, ანანო გულედანი, გვანცა კანდელაკი, სოფია სებისკვერაძე, მამუკა მაზავრიშვილი, ჯორჯი დვალიშვილი, ლუკა ფესვიანიძე, ნინო ციმაკურიძე, დავით ასპანიძე, თამარ ბეჟუაშვილი

სპექტაკლი ორ მოქმედებიანია.