1900 წლის 25 იანვარს, მდინარე ფშავის არაგვის მარცხენა მხარეს, სოფელ ახადში კარგი მებრძოლი, საკუთარ ქვეყანაზე და ხელოვნებაზე უზომოდ შეყვარებული ქართველი სახალხო პოეტი მიხა ხელაშვილი დაიბადა.
წერა-კითხვას თამარღელეს სალოცავში სწავლობდა, სადაც ბერად ილარიონი იყო დაყუდებული, შემდეგ მცხეთის სასულიერო სასწავლებელშიც გაატარა რამდენიმე წელი, იყო მედავითნე და დიაკვანი ბარისახოში.
მისი ერთ – ერთი წიგნის შემდგენელი ედიშერ გიორგაძე წერს: „მიხას ფიზიკურ ძალაზე ფშავში ლეგენდები დადის. მისი მხილველნი გვამცნობენ: „არცთუ დიდი ტანის მიხა ხელაშვილს თუ უკნიდან შეხედავდით წინ გადაღუნულსა ჰგავდა, თუ კი წინიდან, მაშინ უკან გადახრილს, რადგან მთასავით ამობურცული ჰქონდა მკერდი, ზურგზ კი კუზივით ედგა კუნთების გროვაო.
მისთვის იოლი იყო ცხენს კისრით შედგომოდა მუცელს ქვემოთ და როგორც თავად იტყოდა, უკან გადაესროლა მუთქასავით; ჩასჭიდებდა გაუხედნავ კვიცს ხელებს უკანა ფეხების კოჭებზე და, როგორც თავად იტყოდა, იქვე გააციებდა.“
მიხას სიცოცხლე ლექსების წერის გარეშე წარმოუდგენელი იყო. იგი წერდა ყველგან. მიხას ჰქონდა ერთი აბგა, სადავ თავის ხელნაწერ ლექსებს ინახავდა. ყველგან თან დაჰქონდა ეს აბგა, მისი ლექსები ხელიდან ხელში გადადიოდა, საბჭოთა პერიოდში, მისი პოეზიის გადარჩენის მიზნით, მიხა ხელაშვილის ლექსები უავტოროდ, ხალხური პოეზიის ნიმუშებად იბეჭდებოდა. ბევრმა იცოდა ეს ლექსები, მაგრამ არ იცოდა, ვინ იყო ნამდვილი ავტორი.
მიხა 1920 წელს ფშავში დაბრუნდა, ტყეში გავიდა და ანტისაბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილე იყო და “შეფიცულთა რაზმის” წევრი; 1922-1924 წლებში მონაწილეობდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით მოწყობილ შეიარაღებულ გამოსვლებში ფშავსა და ხევსურეთში.
როცა ქაქუცა ჩოლოყაშვილმა გამგზავრება გადაწყვიტა, მიხა მას არ გაჰყვა, სამშობლოში დარჩა და სიცოცხლეც შესწირა.
გავრცელებული ინფორმაციით, იგი ძალიან ახალგაზრდა, 25 წლის ასაკში, 25 იანვარს, თავის დაბადების დღეზე მოკლეს.
მისი მეგობრები მოისყიდეს და ერთხელ, 1925 წლის იანვარში, როდესაც მიხა ჩარგალში სტუმრობდა, შეასრულეს კიდეც ჩანაფიქრი. იგი ძილში მოკლეს… მიხა ღალატსა და ორპირობას შეეწირა.
ხალხმა არ დაინდო მიხას მკვლელები და საკადრისი მიუზღო გარსევანიშვილს საწამლავი გაურიეს ატრიაში, ხოლო მარცვალაშვილი კი ტყეში ყაჩაღად გასულმა გაბედულმა ვაჟკაცმა და განთქმულმა მელექსემ გოგია ჭიჭოშვილმა გაისტუმრა იმქვეყნად.