14 იანვარი აღდგენილი ქართული პროფესიული თეატრის დღეა – „ჩვენ ვეძიებთ ქართული თეატრის სახეს…“

1850 წლის 14 იანვარს გიორგი ერისთავმა თბილისის გიმნაზიის შენობაში სპექტაკლი “გაყრა” წარმოადგინა, ქართული თეატრი კი გაცილებით ბევრი წლისაა და მისი ისტორია ანტიკურ დროში იღებს სათავეს. “თეატრი დიდი რამ არის ჩვენისთანა დაცემული ხალხისთვის. მაგის მეტი ნაციონალობის ნიშანწყალი ჯერჯერობით ჩვენ არა გვაქვს რა. ეგ ერთი  ადგილია, როცა ჩვენი ენა საჯაროდ ისმის და საჯაროდ მოქმედებს. ესეც საკმაოა, რომ კაცმა თავი გადადოს” წერდა დიდი ილია ჭავჭავაძე, რომლის ღვაწლი ქართული თეატრის ისტორიაში განუზომლად დიდია, სწორედ მისი და აკაკი წერეთლის თაოსნობით 1879 წელს განახლდა მუდმივმოქმედი ქართული თეატრი.

“ქართული თეატრი უნდა იყოს ქართული” წერდა სანდრო ახმეტელი, ის, ვინც სრულიად ახალი, განუმეორებელი და ჯადოსნური სუნთქვა აჩუქა ქართულ თეატრს… „ჩვენ ვეძიებთ ქართული თეატრის სახეს და ქართული არტისტის კონტურს. ყველა ეროვნებათა თეატრების განსხვავება მხოლოდ ამაშია. საქართველოს უნდა ჰქონდეს თავისი საკუთარი დამოუკიდებელი თეატრი. ანთებული ქართული გულით და აღგზნებული ქართული სულით…”

“გაუმარჯოს თეატრს –  სხვადასხვანაირი ადამიანების, დეკორაციების, მტვრის, ათასგვარი თეატრალური ხარახურის, მაგნიტოფონის, მოქმედების დროს მოულოდნელად დახეთქილი ნათურების, გადამწვარი ფარნების, მყვირალა რეჟისორის თანაშემწეთა და ჭუჭყიანი პარიკების ბედნიერ საუფლოს, გაუმარჯოს თეატრს, მის წარმატებებსა და ჩავარდნებს, გაუთავებელ, ქანცისგამომცლელ რეპეტიციებს, რეპერტუარს, რომელიც არასოდეს იგეგმება დროულად, კულისებს მიღმა ჭორებს, რომლებსაც ვიღაც ვიღაცები რატომღაც ინტრიგას ეძახიან.გაუმარჯოს ქართულ თეატრს – ძალზე ნიჭიერ, დაუდევარ, უთავბოლო, მაგრამ თხემით ტერფამდე თეატრალურ, ფიცხ და ყოველთვის უკმაყოფილო ქართულ თეატრს!” – მიხეილ თუმანიშვილი

 

თეატრი