ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული სათვისტომო ორგანიზაციის მედია ცენტრი – თვისტომიმედია შეიქმნა

ამერიკაში ქართველთა სათვისტომო ორგანიზაცია, ასოციაცია „თვისტომი“ უკვე 20 წელია მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სამედიცინო, იურიდიული, სოციალური მიმართულებით, თუმცა ემიგრაციაში ყველაზე დიდი პრობლემა საერთო საემიგრაციო სივრცის შექმნაა და სწორედ ამას შეეჭიდა „თვისტომი“ და პირველი 24 საათიანი მაუწყებელი ჩამოაყალიბა ნიუ – იორკში.

ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად შეიქმნა ქართული სათვისტომო ორგანიზაციის მედია ცენტრი – თვისტომიმედია, 24 საათიანი ტელე და რადიო მაუწყებლობა(სტრიმინგი), რომელიც იქნება თავისუფალი, დამოუკიდებელი,  დაბალანსებული და მიუკერძოებელი მედია ემიგრანტებისთვის.

„ეს არის რადიო „თვისტომი“, რომელიც 24 საათიანი მაუწყებლობაა და თვისტომი მედია, ტელევიზია, როგორც სოციალურ ქსელში და ისე youtube არხზე.  ჯერჯერობით, ტელევიზიით გადის საცდელი მაუწყებლობა. ახლა რამდენიმე ტიპის გადაცემას ვუშვებთ: თბილისიდან საქართველოს ახალ ამბებს გიორგი ბარამიძე გვაწვდის, ლონდონიდან მსოფლიო ახალ ამბებს ხათუნა შარაშენიძე – შლიმანი გვიამბობს, ხოლო ნიუ იორკის სიახლეებს ეკატერინა მურღულია გვაცნობს.

ახალი ამბების გარდა ეთერში საავტორო გადაცემებიც გადის: „პერსონა“ – დონარა გვრიტიშვილი; „პროფესია მუსიკოსი“ – ეკატერინა პაკსაშვილი; ვმუშაობთ სხვა საავტორო გადაცემებზეც, რომელსაც მალე იხილავს მაყურებელი. ეს გადაცემებია: „ემიგრანტის დღიურები“- მზია წულუკიძე; „ქალი ლიდერი“ – ლელა ქართველი; „ბიზნეს გადაცემა“ – ნანუკა თევზაძე; „იურიდიული თემა“ – დეა ბედოიძე; „ჯანმრთელობის აკადემია“ – ნინო ქავთარაძე; „ნიუიორკული კალეიდოსკოპი“ – დიმიტრი ჩხეიძე; „გალერეა“ – მარიტა დამენია; „სამედიცინო გადაცემა“ – ნინა ქავთარაძე.ასევე, მალე დაიწყება გადაცემები, რომელსაც მოამზადებენ ნინა სიბოშვილი, ინა ასანიძე, ხათუნა გარდავა, მადონა გოგიშვილი და იოსებ გოგინაშვილი.

ტელევიზიის მთავარი იდეაა ემიგრანტებს გავაცნოთ სიახლეები, სერვისები, ახალი ბიზნესს შეთავაზებები.

რაც შეეხება რადიოს – ის რამდენიმე წლის წინ გაიხსნა, რაღაც პერიოდი ავტომატურ რეჟიმზე იყო. პანდემიის პერიოდში ძალიან აქტიურად ამუშავდა – გვქონდა ახალი ამბები, მაგრამ, ახლა რადგანაც ახალი ინტერაქციული აპი გაკეთდა, მის ამუშავებას და ფრომოუშენს თავიდან ვიწყებთ, ეს არის 24 საათიანი სტრიმინგი, გვაქვს რადიოს სპეციალური აპი და მისი საშუალებით შესაძლებელია ნებისმიერ ადგილზე მოუსმინოთ მას.

რომ ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი ინფორმაცია მივაწოდოთ ადამიანებს და ასევე ნებისმიერ მსმენელს შეუძლია დაუკავშირდეს სტუდიას და დაგვისვას კითხვა და პირდაპირ სტუდიიდან მიიღოს პასუხი.

თვისტომიმედიის გენერალური დირექტორია – ლუკა კერატიშვილი, ვიდეო პროდიუსერი – გიორგი ცხადაძე, აუდიოპროდაქშენი – ხმის რეჟისორი – ლევან იაშვილი“, – განაცხადა ქართული სათვისტომო ორგანიზაციის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ნიკოლოზ ჩხეიძემ.

მისივე ცნობით, სამომავლოდ მაუწყებლობას დაემატება ისეთი გადაცემები, რომელიც ემიგრანტებს სხვადასხვა მიმართულებით გაუწევს კონსულტაციას, ასევე იქნება განცხადებები და ინფორმაციები სათვისტომოდან, რომელიც 24 საათის განმავლობაში სპეციალური ბლოკების საშუალებით გავრცელდება.

რაც შეეხება თანამშრომლობას, „თვისტომი“ დაინტერესებულია ითანამშრომლოს იმ ორგანიზაციებთან და კომპანიებთან, რომელთაც აინტერესებთ თავიანთი სერვისების, ან პროდუქციის რეკლამირება და ემიგრაციამდე მიტანა.