თბილისის მეტრო ოფიციალურად 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა და 6 სადგურისგან შედგებოდა (“დიდუბე”, “ელექტროდეპო”, “ოქტომბერი” (შემდგომ “ნაძალადევი”), “ვაგზლის მოედანი”, “მარჯანიშვილი” და “რუსთაველი”) და მისი სიგრძე 6.5 კილომეტრს შეადგენდა. პირველი საცდელი მატარებელი საცდელ რეისზე მემანქანე ნოე ლაცაბიძემ 28 ნოემბერს გაიყვანა. 1966 წლის 11 იანვრის დილის 6 საათიდან მეტროს მგზავრები გადაჰყავდა პირველი რიგის პირველ უბანზე, ანუ სადგურ “დიდუბიდან” – “რუსთაველის მოედნამდე”.
თბილისის მეტროპოლიტენის ისტორია კი ასეთი გახლავთ:
თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ესკიზი შედგა თბილისის მეორე გენგეგმაზე მუშაობის დროს. მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო სსრ კავშირის მინისტრთა საბჭომ 1951 წლის 29 სექტემბერს. მშენებლობა დაევალა სსრ კავშირის ტრანსპორტის და მშენებლობის სამინისტროს.
პირველი ხაზი
1952 წლის იანვარში ჩამოყალიბდა თბილმეტრომშენის სამმართველო.
1953 წელს დაიწყო პირველი შახტის მშენებლობა და გადასარბენი გვირაბების აგება.
1957 წელს მეტროპოლიტენის მშენებლობა შეჩერდა და დაიწყო სხვადასხვა დანიშნულების გვირაბების (რკინიგზის, ავტოტრანსპორტის, ჰიდროტექნიკური) მშენებლობა, რისთვისაც მეტრომშენის სამმართველო გარდაიქმნა თბილგვირაბმშენად.
1959 წელს განახლდა მეტროპოლიტენის პირველი რიგის მშენებლობა.
1962 წელს შეიქმნა მშენებარე მეტროპოლიტენის დირექცია.
1965 წლის 8 თებერვალს მინისტრთა საბჭოს დადგენილებით შეიქმნა თბილისის მეტროპოლიტენის სამმართველო.
1965 წლის 28 ნოემბერს გაიარა პირველმა მატარებელმა საცდელი რეისით
1966 წლის 11 იანვარს ექსპლუატაციაში ჩაბარდა პირველი რიგის პირველი უბანი (6,3 კმ) ექვსი სადგურით: დიდუბე, ელექტროდეპო, ოქტომბერი, ვაგზლის მოედანი, მარჯანიშვილი და რუსთაველი.
1967 წლის მარტში მოწესრიგდა ორლიანდაგიანი მოძრაობა დიდუბე-ელექტროდეპოს მონაკვეთზე მოტარებელთა მობრუნებით სადგურ დიდუბეში.
1967 წლის ნოემბერში ხაზის 4 კილომეტრით გაგრძელების შემდეგ სადგურ 300 არაგველამდე შესაძლებელი გახდა შემადგენლობების მობრუნება ხაზის მეორე ბოლოში, ხოლო გადასარბენი გვირაბის სადგურის “ოქტომბერი” მშენებლობის დამთავრების შემდეგ შესაძლო გახდა მთელ ტრასაზე ორლიანდაგიანი მოძრაობის გახსნა.
1971 წლის მაისში, 2,5 კილომეტრიანი უბნის ექსპლოატაციაში გაშვებით, სადგურ სამგორამდე დამთავრდა მეტროპოლიტენის პირველი რიგის მშენებლობა 11 სადგურით 12,3 კილომეტრი ტრასით.
1985 ნოემბერში ერთდროულად შევიდა ექსპლოატაციაში ორი უბანი – ერთი 3,4 კილომეტრის დიდუბის სადგურიდან სადგურ თემქამდე და მეორე 2,0 კმ სადგურ სამგორიდან სადგურ ვარკეთილამდე.
1989 წლის იანვარში სადგურები გურამიშვილი (დღეს სარაჯიშვილი) და გლდანი (დღევანდელი ახმეტელის თეატრი) გაიხსნა.
მეორე ხაზი
1979 წლის სექტემბერში ამუშავდა მეტროპოლიტენის მეორე ხაზი 5,8 კილომეტრი სიგრძით, რომელმაც დააკავშირა სადგურის მოედანი საბურთალოს რაიონს. პირველი გადაწყვეტილებით ეს მეორე ხაზი უნდა აშენებულიყო როგორც პირველი ხაზის განშტოება; მაგრამ მშენებლობის დამთავრების პერიოდში გადაწყდა, აშენებულიყო მეორე გადასასვლელი სადგური „ვაგზალი-2“ რომელსაც დასაწყისში არ ექნებოდა დამოუკიდებელი მიწისზემოთა ამოსასვლელი.
2000 წლის 2 აპრილს ექსპლუატაციაში გაუშვეს ერთი უბანი, გოცირიძე-ვაჟა-ფშაველა 1,2 კილომეტრის სიგრძით ერთმხრივი მოძრაობით.
2017 წლის 16 ოქტომბერს ექსპლუატაციაში გაეშვა ვაჟა-ფშაველა-სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაკვეთი.
სადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი“
ერთთაღოვანი სადგური საბურთალოს ხაზის ბოლოში, სადგურ „ვაჟა-ფშაველას“ შემდეგ. სადგურის მშენებლობა 1986 წელს დაიწყო და 1995 უნდა დასრულებულიყო, მაგრამ 90-იანი წლების დასაწყისში განვითარებული მოვლენების გამო ვერ მოხერხდა ამ სადგურის დასრულება. 2000 წელს სადგური დაკონსერვდა. 2015 წელს განახლდა ამ სადგურზე მუშაობა და 2017 წლის აგვისტოში სადგურის მშენებლობა დასრულდა. ტესტირების შემდეგ სადგური ოფიციალურად 2017 წლის 16 ოქტომბერს გაიხსნა.
ამჟამად თბილისის მეტროში 23 მოქმედი სადგურია, აქედან 16 განლაგებული გლდანი-ვარკეთილის, ხოლო 7 – საბურთალოს ხაზზე. ხაზების საერთო სიგრძეა 27,3 კმ.