ქართული ლიტერატურის კლასიკოსი ვაჟა – ფშაველა წერილში „საახალწლო ფიქრები“ წერს „თუ ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისათვის ვიქნებით კარგნი, ჩვენს საკუთარს შინაურს საქმეს წავიყვანთ კარგად, მაშინ მთელი კაცობრიობისთვისაც სასარგებლონი ვიქნებით. თუ არა და, ტყუილი მოცდენაა, ამაო შრომაა“ ჩანაწერში დიდი ვაჟა იმ საზოგადო იმედზე საუბრობს, რომელიც ახალი წლის დღეების დადგომას უკავშირდება, როდესაც ყველა ადამიანი ფიქრობს რომ ახალი წელი ახალ, უკეთეს დღეებს მოიტანს…
„ამ ახალწლის დამდეგს ეს ფიქრი მოდის ძალაუნებურად, რომ ყველამ მოინანიოს წარსულის წლის შეცოდებანი და ახალს წელს მივეგებნეთ ახალის ძალით, მხნეობით, გულწრფელად და ჩავჭიდოთ ღრმად გულში ეს მცნება: საცა ვცხოვრობთ, და რომელ ქვეყნის შვილებიცა ვართ, რომელი ქვეყნის პურით, ღვინით, წყლით და ჰაერით ვსაზრდოობთ, იმას ვარგოთ რამ, ვაკეთოთ იმის სასარგებლოდ ჩვენის ძალ-ღონის დაგვარად რაც-კი შეგვიძლიან, რომელი ასპარეზიც უნდა იყოს – ეკონომიური, ზნეობრივი, პედაგოგიური, ლიტერატურული და სხვა. თუ ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისათვის ვიქნებით კარგნი, ჩვენს საკუთარს შინაურს საქმეს წავიყვანთ კარგად, მაშინ მთელი კაცობრიობისთვისაც სასარგებლონი ვიქნებით. თუ არა და, ტყუილი მოცდენაა, ამაო შრომაა, ვინც იმას ამბობს, კაცობრიობას უნდა ვარგოვო და ეს სარგებლობა ჯერ თავის ძმებისთვის ვერ მოუტანია, თავის ქვეყნისათვის – რომლის ღვიძლი შვილია, – რომლის ავი და კარგი ესმის (და თუ არ ესმის თავის შინაობის ავი და კარგი, ის სხვისას როგორ გაიგონებს და, მაშასადამე, ან რას არგებს).
ჩვენ კაცთა ბუნების წესია მოლოდინი საუკეთესო მერმისისა: უსათუოდ ხვალინდელი დღისაგან მოველით რასმე კარგს: ეს გვასულდგმულებს, გვამხნევებს, ძალას გვმატებს, ყოველდღიურ ვარამს გვინელებს გულში და სიცოცხლესაც გვაყვარებს. კაცი, რომელიც ხვალინდელი დღისგან არაფერს მოელის, გადუწყვეტია იმედი, ცოცხალ-მკვდარია,ის ცოცხლებში ჩასათვლელი არაა… ყოველ მის საქმეს, მოძრაობას და მოქმედებასაც არა აქვს შნო, არა აქვს ლაზათი. იმას არც თავმოყვარეობა აქვს, არც სხვის სიყვარული შეუძლიან, არც საქმისა, აკლია მხნეობა. ეგრეთვე ერი, როგორც კრებული ადამიანთა. საწყალია ის ერი, რომელსაც დაუკარგავ იმედი ხვალინდელი დღისა, საუკეთესო მერმისისა. თამამად ვიტყვი,რაც უნდა დაბეჩავებული იყოს ერი, რაც უნდა გასაწყლებული,თუ საუკეთესო მერმისს მოელის და არ გადაუწყვეტია იმედი და არ ფიქრობს: ეგ არის, ჩემი საქმე მორჩომილია,დაღუპული ვარო, ის ერი არც დაიღუპება, არც მოკვდება. მომაკვდინებელს გარემოებაში და პირობებში რომ იყოს, პირობებს შესცვლის და გაიმარჯვებს კიდეც..”