ნიუ-იორკში საფერავის და ქარვისფერი ღვინოების მასშტაბური დეგუსტაცია გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და კორპორაციის „საფერიკა“ ორგანიზებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ნიუ-იორკში საფერავის და ქარვისფერი ღვინოების მასშტაბური დეგუსტაცია გაიმართა.

ღონისძიებას ღვინის პროფესიონალები, კომერციული და მედია სექტორის წარმომადგენლები, ჯამში, 200-მდე სტუმარი დაესწრო. მონაწილეებმა დააგემოვნეს ქართული ღვინო და ქართული კერძები, მიიღეს ინფორმაცია როგორც ქართული ვაზის ჯიშების, ასევე საქართველოსა და ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის შესახებ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცნობადობისა და გაყიდვების ზრდისთვის ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ, ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე.

“ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კორპორაცია „საფერიკა“ 2022 წელს, აშშ-ში დაარსდა და მისი მიზანია ქართული ყურძნის ჯიშების და ქართული ღვინის სახეობების პოპულარიზაცია.

აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2023 წელს, აშშ-ში, პრეზენტაცია-დეგუსტაციებსა და საერთაშორისო გამოფენებზე ქართული ღვინის წარდგენის პარალელურად, გააქტიურდა მედია კამპანიაც: სარეკლამო კლიპი მომზადდა ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის ეთერისთვის, აშშ-ის ერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა ტელემაუწყებელმა CBS-მა, ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სიუჟეტი „Ancient Vines“ (უძველესი ვაზი) მოამზადა, საიმიჯო სტატიები დაიბეჭდა სხვადასხვა ბეჭდურ თუ ელექტრონულ გამოცემაში”, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.