საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 180 წლისადმი მიძღვნილი მულტიმედიური ონლაინ გამოფენა მოამზადა.
ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, პოლიტიკოსი, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი 1843 წელს ქუთაისში დაიბადა. საქართველოს ეროვნული არქივი მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ მრავალფეროვან და საინტერესო მასალას ინახავს.
ონლაინ გამოფენაზე წარმოდგენილია ფოტომასალა, წერილობითი დოკუმენტები, პერიოდული გამოცემები და წიგნები, რომლებიც ნიკო ნიკოლაძის პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებს ასახავს. ექსპონატებს შორისაა მისი დაბადების ჩანაწერი, პირველი პუბლიკაცია ჟურნალ „ცისკარში“, ჟურნალ „დროებაში“ გამოქვეყნებული სტატიების კრებული, მოგონებები, 1951 წელს დიდ ჯიხაიშში მისი სახლ-მუზეუმის გახსნის ამსახველი კინომასალა და სხვა.