ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, პრესტიჟულმა ამერიკულმა ღვინის ჟურნალმა „Wine Enthusiast“ ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია დაიწყო. „Wine Enthusiast“ 1979 წელს დაარსდა, დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე ღვინის ჟურნალი და ღვინის ონლაინ მედია პლატფორმაა აშშ-ის ბაზარზე, 5 მილიონიანი აუდიტორიით.
კამპანიის ფარგლებში, ჟურნალში „Wine Enthusiast“ სტატია სათაურით „გაიცანით საქართველო, მეღვინეობის სამშობლო“ გამოქვეყნდა.
ერთი თვის განმავლობაში, ქართული ღვინის სარეკლამო პრესბანერები ჟურნალის ვებგვერდზე განთავსდება.
სტატიაში „გაიცანით საქართველო, მეღვინეობის სამშობლო“, ქართული მეღვინეობის განვითარების 8 000 წლიან ისტორიასთან ერთად, თანამედროვე განვითარებულ ღვინის ინდუსტრიაზე, მის უნიკალურობასა და მრავალფეროვანებაზეა საუბარი.
„მიუხედავად იმისა, რომ ქვევრი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქართულ მეღვინეობაში, ქართველი მეღვინეები ღვინის დაყენების სხვა მეთოდებსაც აქტიურად მიმართავენ. ერთი მხრივ, ქვევრი და, მეორე მხრივ, ღვინის დაყენებისთვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობა, ქართველ მეღვინეებს საექსპერიმენტოდ განსაკუთრებულ შესაძლებლობას აძლევს. სწორედ ეს, თანამედროვე და ტრადიციულ-ისტორიული ღვინის დაყენების ტექნოლოგიების ერთობლიობა გამოარჩევს საქართველოს მსოფლიოს დანარჩენი ღვინის რეგიონებისგან და აქცევს მას განსაკუთრებულად მიმზიდველ ქვეყნად“, – საუბარია სტატიაში.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2023 წელს, ქართული ღვინის პოპულარიზაციის აქტიური მედიაკამპანია მიმდინარეობს: ქართული ღვინის სარეკლამო კლიპი მომზადდა ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის ეთერისთვის, აშშ-ის ერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა ტელემაუწყებელმა CBS-მა, ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სიუჟეტი „Ancient Vines“ (უძველესი ვაზი) მოამზადა, საიმიჯო სტატიები დაიბეჭდა სხვადასხვა ბეჭდურ თუ ელექტრონულ გამოცემაში (CNN, The Wall Street Journal, Men’s Journal, Imbibe, Wine-Searcher, SOMM TV, Forbes, Wine Enthusiast ).