მწერალთა სახლში თურქი ქართველოლოგის ჰარუნ ჩიმქეს თარგმანების „ქართულ გამოცემათა თურქული თარგმანები − „დათა თუთაშხია“ − წარდგენა გაიმართა

მწერალთა სახლში თურქი ქართველოლოგის, ენათმეცნიერისა და მთარგმნელის, ჰარუნ ჩიმქეს თარგმანების „ქართულ გამოცემათა თურქული თარგმანები − „დათა თუთაშხია“ − წარდგენა გაიმართა.

ჰარუნ ჩიმქეს თარგმანების წარდგენასთან ერთად, დაიგეგმა მწერალთა სახლთან თანამშრომლობით თანამედროვე პროზის ანთოლოგიის თარგმანის გამოცემა, აგრეთვე, თარგმნის მასტერკლასების ჩატარება. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ჰარუნ ჩიმქეს სარეზიდენციო პროგრამაში მონაწილეობა.

ჰარუნ ჩიმქე მუშაობდა (2011-2020 წწ.) თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ რიზეს რეჯეფ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით, რომლის დამაარსებელი და შემდგომში ხელმძღვანელიც გახდა (2011-2016 წწ.).

ამჟამად ჰარუნ ჩიმქე მუშაობს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტში ასოცირებულ პროფესორად, აგრეთვე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტში, მოწვეულ პროფესორად. ჰარუნ ჩიმქე ასწავლის ქართულ ენასა და გრამატიკას.

მას სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული აქვს რიგი ნაშრომები, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე.

ჰარუნ ჩიმქემ, პროფესორებთან, ჟუჟუნა ფეიქრიშვილთან და რუსუდან საღინაძესთან ერთად თურქულად გამოსცა სამეცნიერო ხასიათის ნაშრომი − „ქართული ენის გრამატიკა (ქართული ენა – ფონეტიკა, მორფოლოგია)“, რომელიც თურქეთის ისტორიაში ქართული ენის პირველ გრამატიკას წარმოადგენს.

მას აგრეთვე ეკუთვნის თარგმანები, მათ შორის: დათა თუთაშხია − Data Tutaşhia – Kafkasların Asil Eşkıyası, გამომცემლობა: SaltOkur, İstanbul – 2023; მუჰანედ ალაკუსი, „მშვიდობის ყვავილი“ − Barış Çiçeği, გამომცემლობა „შემეცნება“, თბილისი, 2022; ქესანე გვეტაძე, „გონივრული რიცხვები“ − Akıllı Sayılar, გამომცემლობა „შემეცნება“, თბილისი, 2021; ბექა ადამაშვილი, „ამ რომანში ყველა კვდება“ − Bu Romanda Herkes Ölüyor, KeTeBe, İstanbul, 2022; აკა მორჩილაძე, „ჩრდილი გზაზე“ − Yoldaki Gölge, გამომცემლობა KeTeBe, İstanbul, 2021.