VI საუკუნეში საქართველოს სულიერი ცხოვრება გააბრწყინეს ასურეთიდან ჩამოსულმა მამებმა, წმიდა იოანე ზედაზნელმა და მისმა მოწაფეებმა.
წმიდანთა ჩამოსვლა ზეგარდმო ძალით ეუწყა ქართლის კათოლიკოს ევლავიოსს. სიხარულმა დაივანა მორწმუნე ერში, რადგან ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას კიდევ ერთხელ მოჰხედა უფალმა და თავისი რჩეული შვილები გამოუგზავნა მოძღვრად და განმანათლებლად.
ღირსმა მამებმა ბევრი ეკლესია-მონასტერი დააარსეს საქართველოში და საფუძველი დაუდვეს ბერ-მონაზვნურ ცხოვრებას.
ევლავიოს კათოლიკოსისა და იოანე ზედაზნელის კურთხევით ღირსი ისე წილკანში მოღვაწეობდა.
წილკნის ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ უბიწოებით განთქმული და სათნოებათა სისრულეს მოწევნული წმიდა ისე ევლავიოს კათოლიკოსმა იძულებით აკურთხა მღვდელმთავრად. ისეს არ უნდოდა ეპისკოპოსის პატივის მიღება, ცრემლით და ტირილით ითხოვდა განტევებას, მაგრამ კათოლიკოსისა და იოანე ზედაზნელის ლოცვა-კურთხევას წინ ვერ აღუდგა.
წმიდა მღვდელმთავრის მღვიძარებასა და მარხვას საზომი არ ჰქონდა. მოწყალებითა და კაცთმოყვარეობით, უცხოთშეწყნარებითა და გლახაკთა ხელის აღპყრობით შორს გაითქვა მან სახელი. ღირსი ისე მთელს ეპარქიაში მოგზაურობდა და სახარებას ქადაგებდა. კეთილი მწყემსი და გონიერი მნე ქალაქ-ქალაქ, დაბა-დაბა დადიოდა და ჰყოფდა სასწაულებს, სნეულთ ჰკურნავდა, კეთროვანთ განსწმენდდა, ეშმაკთ განასხმიდა და ცოდვათა დახსნიდა, დავრდომილებს ხელის შეხებით აღადგენდა.
ღირსი ისე განსაკუთრებით მთიან ადგილებში დადიოდა, საკერპოებს არღვევდა, კერპებს მუსრავდა და წარმართებს ნათელს სცემდა სამების სახელით.
ერთხელ ნეტარმა იოანე ზედაზნელმა მოუწოდა თავის მოწაფეებს, ისე წილკნელს და შიო მღვიმელს, რათა სათნოებაში გამოეცადა ისინი და ხალხისთვის ქრისტეს ძლიერება ეჩვენებინა.
წმიდა მამამ თავის სულიერ შვილებს უთხრა: „მნებავს თქუენ მიერ სასწაულისა რაისამე ქმნა, რაჲთა მხილველნი მათნი ადიდებდნენ ღმერთსა, რამეთუ ფრიად მოქენე არიან ქართველნი ხილვად თქუნგან სასწაულთა და საკვირველებათა, რაჲთა უმეტესად ჰრწმენეს ჩუენ მიერ ქადაგებული იგი სარწმუნოებაჲ“. ღირსმა მამებმა მორჩილებით მიიღეს ლოცვა-კურთხევა.
წმიდა იოანემ ელია დიაკონს უბრძანა, ჭიქა მიერთმია მისთვის, შემდეგ ეს ჭიქა საკურთხებლად ისეს მიაწოდა, როგორც ეპისკოპოსს და უპირატესს. ისემ პირიქით, მისგან ითხოვა ლოცვა. „მაშინ ნეტარმა ზეაღაპყრა ჭიქა იგი და ყო ლოცვა, დაასრულა და განუტევა იგი. და ჰაერთა შინ დადგა ჭიქა იგი, ვითარცა მყარსა რასმე ზედა“.
შემდეგ წმიდა იოანემ ღირს შიოს უთხრა: „ჯერარს მადლისა მიცემა და საკმევლისა შეწირვა“. წმიდა შიო მივიდა ცეცხლთან, ნაკვერჩხალი აიღო, ხელის გულზე დაიდო და საკმეველი დაასხა. ყველას უკმია, მაგრამ არაფერი დაშავებია.
ამ სასწაულის მხილველნი ღმერთს ადიდებდნენ. წმიდა იოანემ ახლა ღირს ისეს მიმართა: „მამაო მფლობელო, გუნებავს, რათა შენგან კურთხევა მოვიღოთ, რომელ გუაქუნდეს სახსენებელად შენდა“. მორჩილმა მოწაფემ მოძღვრის ურჩობა ვერ გაბედა და მდინარე ქსნის ნაპირას ჩავიდა. მას უკან გაჰყვნენ წმიდა მამები და უამრავი ხალხი. ღირსმა ისემ ჯვარი გადასახა მდინარეს, შემდეგ კვერთხი „დასცა წყალთა მას ზედა სახელითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა“. თან ბრძანა: „მდინარეო, სახელითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა გიბრძანებ ჩემ მიერ კსინვლით ვიდოდე და შემომიდეგ, ვიდრეღა ვიდოდე“. უცებ მდინარემ კალაპოტი შეიცვალა და ისეს კვერთხს შეუდგა. საითაც წმიდა ისე მიდიოდა, წყალიც იქეთ მიჰყვებოდა, ვიდრე წილკნის საყდრამდე არ მიაღწია. აღმართს მისთვის ხელი არ შეუშლია.
ამ სასწაულის მხილველი მცხეთისა და გარშემო სოფლების მკვიდრნი ადიდებდნენ ქრისტეს სახელს, რომელმაც ასეთი მადლი გარდამოავლინა თავის რჩეულებზე.
სასწაულომოქმედ მამას უფლისაგან წინასწარ ეუწყა ხორცთაგან განსვლის დღე. შეკრიბა მოწაფენი და ეკლესიის მსახურნი, დაარიგა ისინი, დალოცა, ეზიარა და უფალს შეავედრა სული: „უფალო ხელთა შენთა შევვედრებ სულსა ჩემსა“, – ეს იყო წმიდანის უკანასკნელი სიტყვები.
ღირსი ისე წილკნელის ნეშტი დაკრძალეს იქვე, წილკნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 49(100), 2000 წ.