ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, მსახიობი სალომე დემურია რუსუდან გლურჯიძის ფილმში “ანტიკვარიატი” შესრულებული როლისთვის ევროპული კინოს “ამომავალ ვარსკვლავებს” შორის დასახელდა!
პროგრამა European Shooting Stars-ი ხორციელდება “ევროპული კინოს პრომოუშენის” (EFP – European Film Promotion) მიერ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში.
ამ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სალომე დემურიას კანდიდატურა ეროვნულმა კინოცენტრმა წარადგინა.
„ახალგაზრდა ვარსკვლავების ათეული „ევროპული კინოს პრომოუშენმა“ (EFP – European Film Promotion) გამოაქვეყნა, გადაწყვეტილება კი კინოინდუსტრიის საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ მიიღო.
ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მსვლელობისას სალომე დემურიას თავის უცხოელ კოლეგებთან ერთად შესაძლებლობა ექნება, პირისპირ შეხვდეს კასტინგის წამყვან დირექტორებს, პროდიუსერებსა და რეჟისორებს, 19 თებერვალს კი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ევროპელი ამომავალი ვარსკვლავის ჯილდოს“ გადასცემენ“, – ნათქვამია ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ევროპული კინოს პრომოუშენი“ საერთაშორისო ქსელია, რომელიც 37 ქვეყნის კინოორგანიზაციებს აერთიანებს. მათ შორის არის საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.