შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 29 ნოემბერს, ბერნის რეგიონალურ ბიბლიოთეკათა ქსელის მთავარ ფილიალში ინტერკულტურული ბიბლიოთეკის ქართული კუთხე გაიხსნა.
ქართული კუთხე გახსნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბატონმა რევაზ ლომინაძემ და ბიბლიოთეკის ვიცე ხელმძღვანელმა, ქალბატონმა დანიელ ქამმახერმა.
გახსნაზე, ბიბლიოთეკის ქართულ კუთხეს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გადმოცემული წიგნების გარდა, ახალი წიგნებიც დაემატა, რომლებიც ბიბლიოთეკას საქართველოს ეროვნული მუზეუმისგან და შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოსგან საჩუქრად გადაეცა. ბიბლიოთეკის ქართული კუთხის გახსნის ცერემონიის შემდეგ ღონისძიების პატარა სტუმრებისთვის მოეწყო საბავშვო ლიტერატურის კითხვის საათი.
ბიბლიოთეკის დირექციასთან შეთანხმებით, ეს იქნება ადგილი, სადაც სამომავლოდ, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ აღნიშნონ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღები.