24-26 ნოემბერს, პორტუგალიის ქალაქ მატოსინხოსში, მსოფლიო კარატეს ფედერაციის(WKF) 2023 წლის სეზონის ბოლო “სერია A” ჩატარდა.
შეჯიბრებაში 71 ქვეყნის 1000 სპორტსმენი მონაწილეობდა და აღინიშნა, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მასიური ღონისძიება წლის განმავლობაში.
სერია A-ში საქართველო, ვაჟთა შორის, 5 სპორტსმენით წარდგა:
- დავით ტყებუჩავა -60 კგ;
- ლევან დონაძე -60 კგ;
- ჯემო მიქელაძე -60 კგ;
- ლუკა ვასაძე -84 კგ;
- მერაბ გელაშვილი +84 კგ;
დავით ტყებუჩავამ ბრწყინვალედ იასპარეზა და სამშობლოში ოქროს მედლით ბრუნდება. მან 7 ურთულესი ორთაბრძოლა ჩაატარა და 96 მონაწილეს შორის პირველი ადგილი დაიკავა.
ლუკა ვასაძემ 5 ბრძოლა დამაჯერებლად მოიგო, თუმცა ჯგუფის ფინალში ის ფრანგ სპორტსმენთან 3 ქულით დამარცხდა. ლუკამ 96 სპორტსმენს შორის 5 ადგილი დაიკავა.
დავით ტყებუჩავა და ლუკა ვასაძე ამ შეჯიბრებაზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ, მსოფლიო კარატეს ფედერაციის სარეიტინგო ცხრილში 32 მოწინავე სპორტსმენებს შორის იმყოფებიან, მათ პრემიერ ლიგაში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.
მერაბ გელაშვილმა წარმატებით გაიარა პირველი წრე და მეორე წრეში დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა გერმანელ სპორტსმენთან.
ჯემო მიქელაძემ და ლევან დონაძემ, სამწუხაროდ, პირველი წრე ვერ გადალახეს.
საქართველოს ნაკრებს მწვრთნელები: გოგიტა არქანია და ირაკლი ტყებუჩავა ხელმძღვანელობდნენ.
ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარე თათი მელუა, შერჩეული იყო ტატამის მენეჯერად და ამ შეჯიბრების შემდეგ, თათის რეიტინგი კიდევ ერთი ადგილით ზემოთ აიწევს. ის უკვე მსოფლიოს საუკეთესო მსაჯთა სამეულშია.