დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ემიგრანტი ქართველი მხატვრის, თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის, მასშტაბურ გამოფენას პირველად მასპინძლობს.
„თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის მემკვიდრეობა – მისი ნამუშევრები და პირადი არქივი, მხატვრის შთამომავლებთან მოლაპარაკებების შედეგად, 2022 წელს საქართველოს ხელოვნების სასახლეს გადაეცა. მუზეუმელთა ჯგუფმა გიორგი კალანდიას ხელმძღვანელობით, კოლექცია ბრეტანიდან, კერძოდ კი – საფრანგეთის სოფელ ლამპალუზ-პულუარზელიდან საქართველოში ჩამოიტანა. ხელოვნების სასახლეში დაბრუნებულ ნამუშევრებს შორისაა: 30-ზე მეტი ფერწერული ტილო, 300-ზე მეტი გრაფიკული ჩანახატი თუ ესკიზი (მიმართულებები: წიგნისა და თეატრის მხატვრობა, მოდის დიზაინი და სხვ.), 200-ზე მეტი საარქივო ფოტო.
თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე მრავალი მიმართულებით მუშაობდა. იგი წლების განმავლობაში იყო სან-პაულოს თეატრის მხატვარი. მან XX საუკუნის 50-იან წლებში რამდენიმე ესკიზი შექმნა ფრანგული მოდის სახლ დიორისთვისაც. როგორც საარქივო დოკუმენტებში ვკითხულობთ, ის „საბალეტო დადგმებს ქმნიდა – წერდა სცენარებს, არჩევდა მუსიკას, ხატავდა დეკორაციებს, ქმნიდა კოსტიუმებსა და ტექნიკურ დეტალებს, რომლებიც სანახაობას მაყურებლისთვის დაუვიწყარს ხდიდა“.
1960-80-იან წლებში მისი გამოფენები იმართებოდა პარიზში, „XVI უბნის გალერეაში“, პარიზის სალონ „სოფიტელ გრუპ 36-ში“, საავიაციო-კოსმოსური ინდუსტრიის ეროვნული საზოგადოების დარბაზებსა თუ ლუქსემბურგის ფრანგული კულტურის ცენტრში. ის ქმნიდა კოსტიუმებს თეატრებისთვის, ლოკრონანის ფესტივალზე გამართული წარმოდგენებისთვის და სხვ.
გამოფენაზე საექსპოზიციოდ გამოტანილია ხელოვანის შექმნილი თეატრისა და წიგნის მხატვრობა, გრაფიკა, კოლაჟები და აპლიკაციები, ესკიზები და საბავშვო მარიონეტები. კულტურის სამინისტროსთან ერთად პროექტის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით გამოიცა თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის ნამუშევრების კატალოგიც“, – ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დამთვალიერებელს გამოფენის ნახვა 16 დეკემბრის ჩათვლით შეუძლია.