ქართველი ადამიანი, ალბათ, არასდროს დასვამს შეკითხვას, თუ რატომ გვიყვარს ხაჭაპური, მაგრამ ყველა ქართველს აქვს პასუხი შეკითხვაზე – რომელი ხაჭაპური უკეთესია. ეს იმიტომ, რომ ხაჭაპური ჩვენი კულინარიის განუყოფელი ნაწილია. გემო და თვალი გაასმაგებით გამახვილებულია და ყველა ქართველი ზუსტად ხვდება – რომელი ხაჭაპური არის ხარისხიანი, მაღალი კლასის, გემრიელი ე.წ „ნამდვილი ხაჭაპური“. აი, ამ სინამდვილეს ყველი განსაზღვრავს. იმერული ყველი კი არის ყველის ის სახეობა, რომელიც ხაჭაპურების უმეტეს ნაწილში გამოიყენება. ასე რომ, ქართული კულინარიის სავიზიტო ბარათი – ხაჭაპური, პირდაპირ დამოკიდებულია მაღალი ხარისხის იმერულ ყველზე.
იმერეთის მესაქონლეობა საერთო კოლხური ისტორიის ნაწილია, უძველესი დროიდან ხალხი მესაქონლეობას მისდევდა და რძის პროდუქტების წარმოებით ცხოვრობდა. საინტერესო ის არის, რომ დღეისათვის გეოგრაფიული აღნიშვნის „იმერული ყველი“ წარმოების არეალი მთლიანად იმერეთის რეგიონს მოიცავს. თუმცა, იმერეთის სხვადასხვა მხარე განსხვავებულ მიკროზონას ქმნის საქონელისთვის, რომელიც ბალახობს და ამ მიკროზონიდან გამომდინარე, სხვადასხვა ხარისხის რძეს იწველის. ამიტომ, იმერეთის მრავალფეროვანი მიკროზონების გათვალისწინებით, სამომავლოდ შესაძლოა ცალკე დარეგისტრირდეს პოტენციური გეოგრაფიული აღნიშვნების სიაში შესული „საზანოს ყველი“, რომელსაც ჩვილი ყველის კატეგორია აქვს მინიჭებული და ტრადიციული წესით მზადდება. გარდა ამისა, იმერულ ოჯახში დამოუკიდებელი ადგილი უჭირავს ე. წ. „ხმელ ყველს“, რომელიც კარგად გამომშრალი ყველის პატარა ნაჭრებს წარმოადგენს. მას მძივივით ძაფზე აცმევენ, კიდებენ და საზამთროდ ამ ფორმით ინახავენ. იმერლები აქტიურად აკეთებენ ყველის მარინადებსაც, მარილწყალში, ზამთრის მარაგისთვის. არის შემთხვევა, როცა ყველს ღვინოსავით, მიწაში ჩაფლულ ჭურში ინახავენ, შემდეგ ჭურის მოხდის ტრადიციით ატარებენ „ყველის ამოღების“ რიტუალს. ასე რომ, სხვადასხვა სოფელი სხვადასხვა შენახვის ტრადიციას გვთავაზობს. საერთო ჯამში კი, ყველა ამ სახეობის ყველს ერთი გეოგრაფიული მდებარეობა – იმერეთი აერთიანებს.
იმერული ყველი მზადდება ძროხის რძისგან, რომელსაც შესაძლოა 20%-მდე კამეჩის ან თხის რძე შეერიოს. მას აქვს მომრგვალებულკიდეებიანი დაბალი ცილინდრული ფორმა და არის ქერქის გარეშე. ყველაზე მეტად მას გამოარჩევთ ყალიბის კვალით, რომელიც გლუვ ზედაპირზე გამოკვეთილად ჩანს. აქვს თეთრიდან მოყვითალომდე შეფერილობა, მჭიდრო და მკვრივი მასა და, შესაძლოა, ვერტიკალურ ჭრილზე ჰქონდეს ნასვრეტები.
„იმერულ ყველს“ ახასიათებს სუფთა რძემჟავური სუნი და გემო. სხვადასხვა საქონლის რძის შერევის შემთხვევაში კი ემატება დამახასიათებელი, სპეციფიკური სუნი და გემო. აქვს რბილი და ელასტიკური კონსისტენცია.
თუ ყველს იმერეთის რეგიონის გარეთ აწარმოებენ, მას შეიძლება ეწოდოს მხოლოდ „ახალი ყველი“ ან „ჭყინტი ყველი“. „იმერული ყველის“ დასამზადებლად საჭირო რძის მიღება, გადამუშავება და ყველის წარმოება მხოლოდ იმერეთის რეგიონის საზღვრებში უნდა მოხდეს.
გეოგრაფიული აღნიშვნა „იმერული ყველი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2012 წლის 24 იანვარს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე.
წყარო:საქპატენტი