ქართველმა მოკრივეებმა ევროპის 22-წლამდელთა ჩემპიონატზე ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

მონტენეგროში მიმდინარე 22 წლამდე მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე 17 ნოემბერს ნახევარფინალში იასპარეზა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ლაშა გაგნიძემ (63,5 კგ), რომელმაც ბელარუსი ვადიმ ვაუჩეკი დაამარცხა და კონტინენტის პირველობის ფინალში ბრძოლის უფლება მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე ესპანელი ოიერ კონდე იბარეჩე იქნება. ფინალური ორთაბრძოლა დღეს, 19 ნოემბერს გაიმართება.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 22 წლამდე მოკრივეთა ნაკრების წევრი გიორგი გუცაევი (86 კგ) ნახევარფინალში მასპინძელი ქვეყნის, მონტენეგროს, ნაკრების მოკრივე პეტარ ლიჟეშევიცთან დამარცხდა და ტურნირზე გამოსვლა ბრინჯაოს მედლით დაასრულა.  ნახევარფინალში დამარცხდა რაჰიბა ისმაილოვაც (48 კგ), რომელმაც თურქ ნურსელენ იაგეტეკინთან ვერაფერი გააწყო და ევროპის ჩემპიონატზე ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.