მწერალთა სახლში იაპონური წიგნების პრეზენტაცია გაიმართა

მწერალთა სახლმა იაპონური ლექსების კრებულის, მარიამ წიკლაურის თარგმანის – „იაპონური ექოს” პრეზენტაციას უმასპინძლა. ღონისძიებაზე, ასევე, წარმოდგენილი იყო თეონა ნაცვლიშვილის „საკურა”.

„იაპონური ექო“ მისუძუ კანეკოს დაკარგული ლექსების კრებულია, რომელიც იაპონელი პოეტი ქალის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება. წელს მისუძუ კანეკოს (1903-1930) დაბადებიდან 120 წელი გავიდა. ქართული მე-14 ენაა მსოფლიოში, რომელზედაც მისუძუ კანეკოს ლექსები ითარგმნა და გამოიცა. ლექსები ქართულ ენაზე მარიამ წიკლაურმა თარგმნა. წიგნის რედაქტორი და კონსულტანტია იასუჰირო კოჯიმა ელზა ნაბახტეველთან ერთად.

პროექტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით დაისტამბა გამომცემლობაში Cezanne Publishing. პროექტის ხელმძღვანელია მანანა კარტოზია, გამომცემელი – შორენა შავერდაშვილი.

წიგნში 42 ლექსია. გამოცემა ორენოვანია – ქართულ-იაპონური და ახლავს მისუძუ კანეკოს აღმომჩენისა და მკვლევრის, იაპონელი პოეტის, სეცუო იაძაკის, წიგნის რედაქტორის მისალმება ქართველი მკითხველისადმი, იასიჰურო კოჯიმას წარდგენა, გამომცემლის, შორენა შავერდაშვილის, წინასიტყვაობა და მთარგმნელ მარიამ წიკლაურის წერილი პოეტის შემოქმედებაზე. პოეტის ცხოვრებაზე მოგვითხრობს ამერიკელი მთარგმნელი და გამომცემელი დევიდ იაკობსონი. წიგნის ერთი ნაწილი მხატვრულად გააფორმეს ახალგაზრდა მხატვარმა, 12 წლის ანა აბულაძემ და არტრედაქტორმა ბესიკ დანელიამ.

ღონისძიებაზე ასევე გაიმართა თეონა ნაცვლიშვილის წიგნის „საკურა“ პრეზენტაცია. წიგნში იაპონია და მისი კულტურა წარმოჩენილია საკურას აღწერით. თეონა ნაცვლიშვილი წიგნის ავტორი და დიზაინერიცაა, რის გამოც, ტექსტი და ილუსტრაციები ერთ მთლიანობად აღიქმება. „საკურა“ 2021 წელს გამოიცა. იდეის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელია მანანა კარტოზია, წიგნი  დაისტამბა გამომცემლობაში „სეზანი”.