ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში დიმიტრი არაყიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება

16 ნოემბერს 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში დიმიტრი არაყიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება.

ღონისძიებას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე გახსნის. დიმიტრი არაყიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ისაუბრებენ მისი ოჯახის წევრები.

საღამოზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალისტი სტუდენტები შეასრულებენ დიმიტრი არაყიშვილის რომანსებს. გალობის უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები კი, შეასრულებენ საგალობლებსა და ხალხურ სიმღერებს, რომლებიც თავის დროზე დიმიტრი არაყიშვილმა ჩაწერა.

“ოჯახმა ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდს გადასცა დიმიტრი არაყიშვილის არქივი – პირადი ნივთები, ხელნაწერები, სხვადასხვა წლებში გამოცემული ნაწარმოებები, წერილები, ფოტოები, ავტოგრაფიანი წიგნები კომპოზიტორის პირადი ბიბლიოთეკიდან, ნახატები და სხვ.

უახლოეს მომავალში დაიწყება ამ უნიკალური საარქივო მასალების დამუშავება, შემდეგ გაციფრება და ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბაზაში განთავსება. თავად მასალები კი ბიბლიოთეკის ფონდის ნაწილი გახდება“, – ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.