1910 წლის 16 ნოემბერს, ქალაქ ქუთაისში, დაიბადა საქართველოს სახალხო არტისტი გიორგი შავგულიძე
მან ქუთაისის მეორე ჰუმანიტარული ტექნიკუმი დაამთავრა. თავდაპირველად მუშაობდა ქუთაის-ბათუმის თეატრის დასში, რომელსაც კოტე მარჯანიშვილი ხელმძღვანელობდა; ორ წელიწადში მარჯანიშვილის თეატრი თბილისში გადმოვიდა და თეატრის დასს თბილისში წამოჰყვა. მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული კინემატოგრაფიის განვითარებაში, სადაც 1938 წლიდან დაიწყო მოღვაწეობა; გადაღებულია ფილმებში: ერემია (“ბედნიერი შეხვედრა”), ნოდარი (“გიორგი სააკაძე”), ნიკო (“ქეთო და კოტე”), დავით გურამიშვილი (“დავით გურამიშვილი”) და სხვა; დაჯილდოებულია ორი ორდენით და მედლებით.
მსახიობ გიორგი შავგულიძეს, რომელსაც ხალხი სიყვარულით ჟორას ეძახდა, 49 წლის ასაკში ტროლებუსი დაეჯახა და გარდაიცვალა.
„იმ საბედისწერო დღეს, თბილისში, პლეხანოვის გამზირზე, გიორგი შავგულიძეს ტროლეიბუსი დაეჯახა, პირქვედამხობილი მისი ზორბა სხეული ხალხმა ხელში აიტაცა, გულში ჩაიკრა, საყვარელ შემოქმედს ნაადრევი ცრემლი დააფრქვია, მაგრამ მათ არანაკლებ ეცოდებოდათ მძღოლი, რომელიც კედელზე თავს ახლიდა და ბღაოდა.
ეს მოხდა ცხოვრების სცენაზე, სადაც მსახიობი უგრიმოდ იყო და მაყურებელი – უთეატროდ!“ – წერდა პოეტი ოთარ მამფორია.
”რამდენი ჩვენგან წასული კაცის
ვერ გადავიხდით ვერასდროს ამაგს,
მაგრამ ის ერთი სხვა იყო მაინც
კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს.”
ეს ლექსი გიორგი შავგულიძეს პოეტმა მიხეილ ქვლივიძემ მიუძღვნა.
და კაცს, რომელიც დააკლდა ქალაქს დიდუბის პანთეონშიც კი არ კრძალავდნენ, საზოგადოებრივ საქმეში არ მონაწილეობდა და პანთეონში რა უნდაო. ერთადერთს ქალაქკომის მდივანს გიორგი გეგეშიძეს უთქვამს: – არა გრცხვენიათ, ასეთი ხალასი ნიჭის ადამიანი თუ არა, აბა, ვინ უნდა იყოს პანთეონშიო… მედეა ჯაფარიძე რომ არა, არც დაკრძალავდნენ. მან შეაწუხა დეპუტატები, ქვეყანა შეძრა და, როგორც იქნა, თანხმობა ათქმევინა.
მას დაკრძალვის დღეს ხალხის ზღვა მიაცილებდა…