ფიროსმანის გამოფენას გაზეთი „Jyllands-Posten“-ი ეხმიანება სათაურით – „მაგიური თავგადასავალი ლუიზიანას მუზეუმში“

ბეილერის ფონდში, გამართულ ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენას უცხოური მედია აქტიურად ეხმიანება. გაზეთ დანიური „დილის გაზეთის“ (Jyllands-Posten) სტატიაში ყურადღება დაეთმო მხატვრის ერთ-ერთ ცნობილ ნახატს – „ჟირაფი“, რომელიც შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმშია დაცული. „როგორც ჩანს, ფიროსმანის დროს უკვე დასაშვები იყო, რომ შავი ან თეთრი ჟირაფი მხატვრის ავტოპორტრეტი ყოფილიყო. თუ ყურადღებით დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ ჟირაფი ტირის: ფიროსმანმა მას თვალის კუთხეში ცრემლი მიახატა. მაშ, რას უნდა გამოხატავდეს ის? იქნებ უიღბლო სიყვარულის ამბავს მოგვითხრობს?“ – ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ხელოვანის შესახებ არსებული მრავალი  გადმოცემიდან ერთ-ერთი სწორედ ფიროსმანის მიერ დახატულ მსახიობ მარგარიტას უკავშირდება. ლეგენდა მოგვითხრობს, თუ როგორ შეისყიდა თბილისში ყვავილების ყველა თაიგული მარგარიტაზე თავდავიწყებით შეყვარებულმა ფიროსმანმა და მარგარიტას სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე მიმოფანტა. სამწუხაროდ, ფრანგ მსახიობს ის სასტუმრო იქამდე სულ ცოტა ხნით ადრე დაუტოვებია.

სტატიაში ნათქვამია, რომ ფიროსმანის ნამუშევრების თვალიერებისას, უპირველეს ყოვლისა, ნახატების შთამბეჭდაობა უნდა შევამჩნიოთ.

ფიროსმანი ყველას ელაპარაკებოდა, დაწყებული ქუჩასა თუ დუქნებში ნაცნობთაგან, დამთავრებული ავანგარდისტებითა და მწერლებით. მისმა შემოქმედებამ ხიდები გადო იმ სამყაროებს შორის, რომლებიც ურთიერთკავშირისა და საქმისადმი თავდადების განცდას ზეიმობდნენ.  აღნიშნული ფაქტი ფიროსმანს მნიშვნელოვანი შემოქმედის პოზიციას ანიჭებს თანამედროვე ხელოვნების კლასიკური ტრადიციისგან გამიჯვნისთვის და მას სხვა, უფრო თვითმყოფადი გამოხატულების მაძებრად წარმოადგენს.

სტატიაში ასევე ვხვდებით ხუთი ხელოვანის შეფასებას ფიროსმანის შემოქმედებაზე.

როგორც ცნობილია – 17 სექტემბრიდან 2024 წლის 28 იანვრამდე შვეიცარიაში ბეილერის ფონდი ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს.

გამოფენა საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ბეილერის ფონდის, ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმისა და „ინფინიტ-არტის“ თანამშრომლობითა და ორგანიზებით შედგა.  ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ფიროსმანის 46 ნამუშევარი, რომელთაგან 45 შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმის კოლექციას ეკუთვნის, ხოლო ერთი ნამუშევარი სოფელ მირზაანის ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმის კოლექციიდანაა.

გამოფენაზე სრულიად ახლებურად არის წარმოდგენილი ე. წ. ფიროსმანის ოთახი, რომლითაც დამთვალიერებლისთვის მოთხრობილია ფიროსმანისა და, ზოგადად, იმდროინდელი თბილისის ცხოვრება, ამისათვის კი გამოყენებულია ეროვნული მუზეუმის დიმიტრი ერმაკოვის ფონდის ფოტომასალა, იმ პერიოდის საგაზეთო პუბლიკაციები და გამოცემები.