თბილისის საკრებულოში ლეგენდარული ფოტოგრაფის, ბადრი კეთილაძის, ფოტოალბომის პრეზენტაცია და მისი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ალბომი გამოიცა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში ბადრი კეთილაძის არქივის დიდი ნაწილი გაციფრულდა. ფოტოალბომში წარმოდგენილია მისი ფოტოების ნაწილი, რომელიც 1996-2002 წლებში შეიქმნა და ამ პერიოდში ქართულ სპორტში მომხდარ თითქმის ყველა მნიშვნელოვან მოვლენას ასახავს.
ბადრი კეთილაძე 1959 წელს ქუთაისში დაიბადა. 90-იანი წლების პირველ ნახევარში სხვადასხვა დროს მუშაობდა ქუთაისის მერიის გაზეთში „ახალი ქუთაისი“ და სამხარეო გაზეთში „იმერეთის მოამბე“. წლების განმავლობაში იყო „სარბიელისა“ და „დინამოს“ ფოტოგრაფი. თანამშრომლობდა გაზეთ „მსოფლიო სპორტთან“ და უეფასთან.
ბადრი კეთილაძის ფოტოები გამოყენებულია წიგნებში: „სპორტის ენციკლოპედია“, „ქართული სპორტის ფოტოისტორია“, „ქართული სპორტის ოქროს წიგნი“, „მსოფლიო თასის ისტორია“, „ქართული ფოტოგრაფია“, „ამერული ჩანაწერები – 1500 ნაბიჯის მოკლე ისტორია“.
2022 წელს „დინამო თბილისის“ გადაწყვეტილებით, ცნობილი ფოტოგრაფის ხსოვნის პატივსაცემად, რომელიც კლუბში წლების განმავლობაში მუშაობდა, სპორტული ფოტოგრაფებისთვის მისი სახელობის ყოველწლიური პრემია დაწესდა.
ბადრი კეთილაძე 2022 წელს 62 წლისა გარდაიცვალა.