იტალიაში პირველი იტალიურ-ქართული რადიო დაფუძნდა. ოფიციალურად ამის შესახებ ინფორმაცია, 12 ნოემბერს, ანსამბლ “ნანილას” 10 წლის იუბილეზე გაჟღერდა, სადაც რადიოს დამფუძნებელმა ქეთი ნოგიევამ აღნიშნა: “უცხოეთში პროფესიული ზრდა-განვითარება ანსამბლ “ნანილათი“ დაიწყო და ის ჩემს სავიზიტო ბარათად და თილისმად იქცა, სწორედ ამიტომ ჟღერდება პირველად აქ ეს ინფორმაცია და რადიო KN-ი და ტელეკომაპნია KN TV მათი მუდმივი მედია მხარდამჭერი იქნება.“
„ეს არის თანამედროვე ციფრული პლატფორმა, რომელიც ქართულ-იტალიურ ტელეკომპანიას უერთდება. რადიოს ექნება საეთერო ბადე, სადაც გავა სხვადასხვა გადაცემა, განთავსდება მუსიკალური ნომრები, იქნებ პირდაპირი ეთერი. რადიოს მთავარი დანიშნულებაა, ქართველ ემიგრანტებს მისცეს უფრო მეტი მოტივაცია და შესაძლებლობა, ჩაერთონ რადიოსაუბრებში, გამოთქვან და დააფიქსირონ საკუთარი აზრი და ხმა მიაწვდინონ საჭირო ადამიანებს. თავის გამოვლენის შესაძლებლობა მიეცემათ სხვადასხვა ავტორ-შემსრულებლებსაც, უპირატესობა ემიგრანტ მომღერლებს მიენიჭებათ. რადიოს ტექნიკურად გამართვაზე და აპლიკაციაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ტექნიკური მხარდამჭერი ვებდეველოპერი და პროგრამისტი ოთარ სინაურიძე გახლავთ. ერთი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ რადიოს ქუდს დუეტი „ლალიმბერტი“ ახმოვანებს, დანარჩენს კი მსმენელი სულ მალე შეიტყობს და რადიო ტალღა KN-იდან ბევრ სასიამოვნო სიახლეს მოისმენს“, – განაცხადა ქეთი ნოგიევამ „ქართულ კვირასთან“ საუბრისას.