ერეკლე II, კახეთის მეფე 1744-1762 წლებში, ქართლ-კახეთის მეფე 1762-1798 წლებში. თეიმურაზ მეორისა და ვახტანგ VI-ის ასულის თამარ დედოფლის შვილი. დაიბადა 1720 წლის 7 ნოემბერს. პირველი საბრძოლო ნათლობა 15 წლის ასაკში მიიღო, როდესაც ლეკთა დამარბეველი რაზმების წინააღმდეგ ბრძოლაში უსარდლა ჯარს. 1737-1739 წლებში იმყოფებოდა ნადირ-შაჰის კარზე და მონაწილეობა მიიღო ინდოეთში ლაშქრობაში.
1744 წელს თეიმურაზ II ქართლის მეფე გახდა, ხოლო ერეკლე II კახეთისა. 1747 წელს თეიმურაზ II ირანში წავიდა. წასვლის წინ მან ქართლი ერეკლესა და აბდულა-ბეგს-იესეს ძეს ჩააბარა. აბდულა-ბეგმა ერეკლესთან ბრძოლა დაიწყო, თუმცა კახთ-ბატონმა შეძლო მოწინააღმდეგის დამარცხება. 1748 წელს ერეკლემ თბილისი გაათავისუფლა ირანელებისგან და იქ ქართველი მეციხოვნეები ჩააყენა.
1749 წელს თეიმურაზი ქართლში დაბრუნდა. მართალია ქართლი და კახეთი დამოუკიდებელი სამეფოები იყო, მაგრამ მამა-შვილი შეთანხმებულ პოლიტიკას ატარებდნენ და ფაქტობრივად აღმოსავლეთი საქართველო ერთიანი იყო.
იმავე წლის შემოდგომაზე, თეიმურაზსა და ერეკლეს ერევნის ხანმა თარაქამების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება სთხოვა. ქართველებმა გაიმარჯვეს და ერევნის სახანო ქართლ-კახეთის მფარველობაში შევიდა. მალე ანალოგიური ნაბიჯი გადადგა ნახიჩევანის სახანომაც.
1750 წელს თეიმურაზმა და ერეკლემ დაამარცხეს ყარაბაღის მმართველი ფანა-ხანი. იმავე წელს გაიმართა ბრძოლა ქართლ-კახეთის სამეფოსა და დაღესტნელ ფეოდალთა ლაშქარს შორის. დაღესტნელთა ცხენოსანი ჯარი თავს დაესხა ყაზახს და შემდეგ მდინარე იორზე ჩამოდგა. ქართლკახეთის გაერთიანებულმა ლაშქარმა თეიმურაზ მეორისა და ერეკლე მეორის წინამძღოლობით მტერს გამოსასვლელი გზები შეუკრა. მოწინააღმდეგე მდინარე იორს დაჰყვა და დანღისში, იორ-ალაზნის შესაყართან დადგა. ქართველები მტერს წამოეწივნენ და სასტიკი ბრძოლის შემდეგ გამარჯვება მოიპოვეს. თვით ერეკლე მოწინავე ჯარში იბრძოდა. დაღესტნელთა გადარჩენილმა ნაწილმა ფლატიან გორას შეაფარა თავი, მაგრამ ფლატე მოსწყდა და გაქცეულები დაიღუპნენ. ქართველებმა ხელთ იგდეს მრავალი ტყვე და ნადავლი. დანღისის ბრძოლის შემდეგ დაღესტნელი ფეოდალები კარგა ხანს ვეღარ ბედავდნენ საქართველოში ლაშქრობას, მხოლოდ მცირერიცხოვანი რაზმები დათარეშობდნენ. 1751 წლის იანვარში ქართლ-კახეთის გაერთიანებული ჯარი ჭარ-ბელაქნის უბატონო თემების დასამორჩილებლად დაიძრა. ქართველთა ლაშქარს ახლდა განხელთა და საქართველოში მცხოვრებ მაჰმადიანთა რაზმები. მათი მოკავშირე იყო შაქის-ხანი აჯი-ჩალაბიც, რომელიც შემდეგ ჭარელ ლეკებს მიემხრო. ლაშქრის ბედი მდინარე აგირ-ჩაის ნაპირზე 15 თებერვლის ბრძოლამ გადაწყვიტა. ქართველთა მეწინავე ლაშქარმა მტრის ცენტრი გაარღვია, მაგრამ დიდძალი ქვეითი ლაშქრით ჩასაფრებული ჰაჯი- ჩალაბი მოულოდნელად დაესხა თავს ქართველთა მარცხენა ფრთას, რომელშიც ქსნისა და არაგვის საერისთავოები შედიოდნენ. ქართველთა ლაშქრის მაჰმადიანური ნაწილი უკუიქცა. ქართველები დამარცხდნენ და გამარჯვება შაქის-ხანს დარჩა. თვით მეფე ერეკლე თავადმა ბებურიშვილმა და გლეხმა დავით ბოსტაშვილმა გადაარჩინეს განსაცდელს. აგრის ბრძოლაში დამარცხებამ შეარყია ერეკლესა და თეიმურაზის გავლენა ამიერკავკასიაში. აზატ-ხანმა გადაწყვიტა ესარგებლა ამით და იქ თავისი ძალაუფლება გაევრცელებინა. თავდაპირველად მან ერევნის სახანოზე მიიტანა იერიში. ერევნის ხანმა ქართველ მეფეებს სთხოვა დახმარება. ქართველთა ჯარი ბამბაკში მივიდა, მაგრამ სიმცირის გამო ერევნის სახანოში გადასვლა და მტერთან შებრძოლება ვერ შეძლო. მალე ერევნისკენ გაემართა ერეკლე II, რომელსაც შეუერთდა წინათ გაგზავნილი ჯარი. ქართველთა ლაშქარში 3000 მეომარი იყო აზატ-ხანს კი 18000 კაცი ჰყავდა.
გადამწყვეტი ბრძოლა სოფელ ყირბულახთან მოხდა. თავდაპირველად აზატ-ხანმა ქართველთა მარცხენა ფლანგს შეუტია და უკან დაახევინა. ერეკლემ თავის მხედრობას დაქვეითება უბრძანა და იერიშზე გადავიდა. მტერმა ვერ გაუძლო ქართველთა შეტევას და გაიქცა. ირანის შაჰი აზატ-ხანი იძულებული გახდა ზავი დაედო ერეკლესთან. ჰაჯი-ჩალაბის დამპყრობლური პოლიტიკით შევიწროებულმა განჯის, ყარაბაღისა და ყარადალის ხანებმა დახმარებისათვის მიმართეს თეიმურაზ მეორესა და ერეკლე მეორეს. ნუხაზე სალაშქროდ მიმავალ ქართველებს გზაში შეუერთდა ბორჩალოს, დაღესტნელთა, ყაზახელთა, ერევნელთა, განჯელთა და ყარადაღელთა ჯარი. გაერთიანებული ლაშქარი ალაზანზე წყალდიდობის გამო ვერ გადავიდა და ლაშქრობა ჩაიშალა. ამასობაში ხანებმა ქართველ მეფეებს უღალატეს. თეიმურაზ მეორემ ისინი დააპატიმრა და განჯისაკენ დაიძრა, რათა იქ თავისი კაცი დაესვა. ანჯელებმა ციხის კარი დაკეტეს და დახმარებისათვის ჰაჯი-ჩალაბს მიმართეს. 1752 წლის 28 მარტს, განძასთან გამართულ ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ. ამ მარცხმა ერეკლესა და თეიმურაზის ავტორიტეტი შეარყია და საჭირო გახდა ახალი ღონისძიებების გატარება. სამთვიანი მზადების შემდეგ, 1752 წლის 1 სექტემბერს, თულქითაფასთან ბრძოლაში ერეკლემ სასტიკი მარცხი აგემა ჰაჯი-ჩალაბს და მისი ლაშქარი მთლიანად გაანადგურა. ქართველთა ჯარმა დიდად დააზარალა და ქვეყნიდან განდევნა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული მაჰმადიანურ სახანოთა კავშირი და ამით საქართველოს უპირატესობა მთელ ამიერკავკასიაში განამტკიცა.
მალე ქართლისა და კახეთის სამეფოებს ახალი საფრთხე დაემუქრა. გააქტიურდნენ ლეკები, რომლებიც უფრო და უფრო აძლიერებდნენ თავის მარბიელ ლაშქრობებს.
1754 წელს ხუნძახის ბატონმა ნურსალბეგმა გააერთიანა ავარიელთა დიდი ნაწილი და მრავალრიცხოვანი ლაშქრით კახეთს მიადგა. გაიარა იგი ძარცვა – რბევით, ააოხრა არაგვის საერისთავო, დაწვა ერისთავის სასახლე და მონასტერი დუშეთში და მჭადიჯვრის ციხე-გალავანს შემოერტყა. ციხის გარემოცვა და ბრძოლა 6 დღეს გაგრძელდა. 16 აგვისტოს ქართველთა ლაშქარმა ერეკლე მეორის სარდლობით დაამარცხა ლეკთა ლაშქარი, თუმცა ლეკების თარეში ამით არ შეწყვეტილა.
1755 წელს ნურსალ-ბეგმა ქართლ-კახეთის წინააღმდეგ მთელი დაღესტანი და ჭარ-ბელაქანი დარაზმა. მიიმხრო შამხალის სამფლობელო, ყაზიყუმუხის ხანი და 20 ათასიანი ლაშქრით კახეთს შეესია. იგი ყვარლის ციხე-გალავანს შემოადგა, სადაც გაღმა მხარის მოსახლეობა იყო შეხიზნული. ჯარის სიმცირის გამო ქართველებმა მტერთან შებმა შეუძლებლად მიიჩნიეს. ერეკლე მეორემ ციხეში მაშველი რაზმის შეგზავნა გადაწყვიტა. 207 მეომარი ღამით ქიზიყიდან გავიდა, მდინარე ალაზანი გადალახა, მიეპარა ლეკთა ყარაულებს და ხმლით გაიკაფა გზა ციხისაკენ. რაზმმა ციხეში დადძალი თოფის წამალი და სანოვაგე შეიტანა. მეციხოვნეებმა მოახერხეს დაეწვათ ლეკთა საფრები ციხის გარშემო. იმავე დროს ერეკლე მეორემ ჯარი გაგზავნა ჭარის დასარბევად. ჭარელები ციხეს მოსცილდნენ და ცოლ-შვილის მისაშველებლად თავიანთ ქვეყანაში დაბრუნდნენ. მათ გაჰყვა კაკის სულთანი და დაღესტნის სურხაი-ხანი, 28 სექტემბერს ნურსალ-ბეგი და შამხალიც გაეცალნენ ყვარლის ციხეს. ამრიგად ჩაიშალა საქართველოს აოხრების გეგმა.
1756-1757 წლებში ლეკებმა რამდენჯერმე გაილაშქრეს ქართლ-კახეთში, მაგრამ ყოველთვის დამარცხებულები ბრუნდებოდნენ უკან. 1757 წელს თეიმურაზ მეორემ, ერეკლე მეორემ და სოლომონ პირველმა დადეს ხელშეკრულება ურთიერთდახმარების შესახებ.
1759 წელს ლეკთა 8 ათასიანი ჯარი, კოხტა ბელადისა და ჩონჩოლ-მუსას მეთაურობით საქართველოში შემოვიდა. სოფელ ატოცთან და დვანის ციხესთან ერეკლემ მარცხი აგემა მტერს. ამ ბრძოლაში ქართლისა და კახეთის მეფეებს შოლომონ პირველიც ეხმარებოდა. 1762 წელს პეტერბურგში გარდაიცვალა თეიმურაზ II. ქართლის სამეფო მემკვიდრეობით ერეკლე მეორეს ეკუთვნოდა და მანაც ორივე სამეფო გააერთიანა. ამ დროიდან მოყოლებული ერეკლე ქართლ-კახეთის მეფეა.
ქართლის თავადების ნაწილი ერეკლეს წინააღმდეგი იყო და შეთქმულების მოწყობა განიზრახეს. ქართლის მეფედ მათ ვახტანგ მეექვსის უკანონო შვილი პაატა უნდოდათ. 1765 წელს ერეკლემ შეთქმულების შესახებ შეიტყო და მოწინააღმდეგეები დასაჯა. იმევე წელს ერეკლე მეორემ გამოსცა ბრძანება, რომლის ძალითაც ტყვეობიდან თავისით დახსნილი გლეხი თავისუფალი ხდებოდა და ბატონს ხელი მასზე აღარ მიუწვდებოდა.
1768 წელს დაიწყო რუსეთ-თურქეთის მორიგი ომი. ერეკლე მეორემ ისევე როგორც სოლომონმა გადაწყვიტა ჩაბმულიყო ომში რუსეთის მხარეს, თუკი ეს უკანასკნელი დამხმარე ჯარს გამოუგზავნიდა საქართველოში. საქართველოში შემოსულ რუსთა საექსპედიციო რაზმს, რომელსაც ამიერკავკასიის ფრონტზე ოსმალთა ძალების ნაწილი უნდა მიეზიდა, ერეკლე მეორემ შესთავაზა რუს-ქართველთა ერთობლივი ძალით ახალციხეზე გალაშქრება. მისი მიზანი იყო მესხეთის გათავისუფლება ოსმალთა ბატონობისაგან. 1770 წლის მარტში რუსებისა და ქართველთა ჯარი შეერთდა. რუსების 1200 -კაციან სამხედრო რაზმს გენერალი ტოტლებენი მეთაურობდა, ქართველთა 7000 კაციან ლაშქარს – ერეკლე II. შეერთებული მხედრობა 24 მარტს ბორჯომის ხეობით ახალციხისკენ დაიძრა, 14 აპრილს აიღო სადგერის ციხე, 17 აპრილს კი ალყა შემოარტყა აწყურის ციხეს. იქ ერეკლემ უშუალოდ ახალციხეზე გალაშქრება მოითხოვა, რადგან აწყურის ძნელად მისადგომი ციხის მცირერიცხოვანი გარნიზონის წინააღმდეგ ბრძოლა დროისა და ძალის დაკარგვად მიაჩნდა, ხოლო ციხის ღრმა ზურგში მოტოვება მისი აზრით, თავისთავად გადაწყვეტდა აწყურის საკითხს. ტოტლებენი შეუძლებლად მიიჩნევდა გამაგრებული ციხის ზურგში მოტოვებას და ამიტომ საიერიშო ღონისძიებათა მომზადებას შეუდგა, მაგრამ ციხის გარემოცვისა და ბრძოლის მისეული გეგმა არასწორი იყო. ამით ისარგებლა ახალციხის ფაშამ და 18 აპრილს აწყურის ციხეში 2000 კაციანი დამხმარე რაზმი შეგზავნა. 19 აპრილს ტოტლებენი თავისი რაზმითურთ მოულოდნელად უკან დაბრუნდა. მტერმა დრო იხელთა, ციხიდან გამოიჭრა და თავს დაესხა ქართველებს. ერეკლე მეორემ სწრაფი კონტრშეტევით უკუაგდო მტერი და ასპინძისკენ დაიძრა. ქართველებისთვის გზა რომ გადაეჭრა, ახალციხის ფაშამ 1500 მეომარი გამოიყვანა ახალქალაქისა და ხერთვისის ციხეებიდან, მაგრამ ერეკლემ ეს რაზმი დაამარცხა და უკუაქცია. მალე ასპინძასთან მტრის ძირითადი ძალები გამოჩნდა. ოსმალ-ლეკთა 8 ათასიანი კორპუსის დიდ ნაწილს ერეკლემ მტკვარზე გადმოსვლის საშუალება მისცა, ღამით კი აღაბაბა ერისთავს, სვიმონ მუხრანბატონსა და ხუდია ბორბაჩალოელს მალულად გადაახერხინა ხიდის თავხეები. ამით მტერს უკან დასახევი გზა მოეჭრა.
20 აპრილს ქართველები მტრის პირისპირ საბრძოლო წყობით განლაგდნენ: მარჯვენა ფლანგს დავით ორბელიანი სარდლობდა, მარცხენას – გიორგი ბატონიშვილი, შემდგომში გიორგი მეთორმეტე, ცენტრს – ერეკლე მეორე, რომელიც საერთო ხელმძღვანელობასაც ახორციელებდა.
ბრძოლა ქართველთა შეტევით დაიწყო. მტერმა ვერ გაუძლო დარტყმას და უწესრიგოდ იწყო უკან დახევა ხიდისაკენ. თავხეებგადახერხილი ხიდი ჩაინგრა და ასობით ოსმალ-ლეკი თან ჩაიტანა ადიდებულ მტკვარში. მტერმა ბრძოლის ველზე 4000 მოკლული დატოვა. დაღუპულთა შორის იყვნენ ოსმალთა კორპუსის მთავარსარდალი, რამდენი ცნობილი ფაშა და ბეგი. ერეკლემ ორთაბრძოლაში მოკლა ლეკთა ბელადი მალაჩალა, იგივე კოხტა ბელადი. ქართველებმა ხელთ იგდეს ტყვეები, დროშები ცხენები და დიდძალი იარაღი. ტოტლებენის ღალატის გამო ერეკლე იძულებული იყო უკან დაბრუნებულიყო და შეეწყვიტა წარმატებით დაწყებული ლაშქრობა.
1771 წელს ერეკლემ ხერთვისის ციხე აიღო. 1772 წელს ერეკლე მეორემ ელჩობა გააგზავნა რუსეთში ანტონ კათალიკოსისა და თავისი ვაჟის ლევანის მეთაურობით.
1773 წელს ერეკლე მეორემ და სოლომონ პირველმა აღადგინეს ურთიერთშორის დადებული ხელშეკრულება.
1774 წელს ერეკლემ გამოსცა ბრძანება “მორიგე ჯარის” დაწესების შესახებ. ამან საშუალება მისცა მეფეს, ყოველთვის ჰყოლოდა 5000 მოლაშქრე. “მორიგე ჯარს” მისი შვილი – ლევან ბატონიშვილი მეთაურობდა.
1778 წელს ქართლ-კახეთის მეფემ განჯის მმართველი ფათ ალი-ხანი სასტიკად დაამარცხა. 1779-1780 წლებში ერეკლეს რამდენიმეჯერ მოუწია ლაშქრობა ერევნის სახანოს თავიდან დასამორჩილებლად.
1782 წლის 21 დეკემბერს ერეკლე მეორემ ოფიციალური თხოვნით მიმართა რუსეთის საიმპერატორო კარს ქართლ-კახეთის სამეფოს მფარველობაში მიღების შესახებ. 1783 წლის 24 ივლისს, გეორგიევსკში რუსეთისა და ქართლ-კახეთის სამეფოებს შორის ხელი მოეწერა ტრაქტატს. 2 ნოემბერს თბილისში რუსეთის ორი ბატალიონი შემოვიდა.
1784 წელს ქართველთა და რუსთა გაერთიანებულმა ჯარმა ჭარს შეუტია და ლეკები დაამარცხა.
1785 წლის სექტემბერში ავარიის მმართველმა ომარ-ხანმა 20 ათასიანი ჯარით ქართლ-კახეთი დალაშქრა. ერეკლემ ვერ შეძლო სათანადო წინააღმდეგობა გაეწია მტრისთვის და იძულებული გახდა ომარ-ხანისათვის ფული გადაეხადა, რათა ამ გზით დაეხსნა თავი მისი შემოსევებისაგან.
1786 წელს ერეკლემ სამშვიდობო ხელშეკრულება დადო ახალციხის ფაშა სულეიმანთან. იმავე წლის 18 დეკემბერს, საგარეჯოში გაიმართა დიდებულების თათბირი, რომელზედაც განიხილებოდა საგარეო ორიენტაციის გადასინჯვის საკითხი.
1789 წლის იანვარში ერეკლე შეხვდა ალი-ხანს. მათ გაინაწილეს გავლენის სფეროები და გადაწყვიტეს შეთანხმებულად ემოქმედათ ერთობლივი მტრის აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ.
თავისი მოღვაწეობის ბოლო პერიოდში ერეკლე მეორემ რიგი სერიოზული შეცდომები დაუშვა, რაც მის სამშობლოს ძვირად დაუჯდა. 1790 წელს ერეკლეს ესტუმრნენ იმერეთის სამეფოს წარმომადგენლები: დოსითეოს ქუთათელი, ექვთიმე გაენათელი, ზურაბ წერეთელი, სეხნია წულუკიძე და სხვები. ისინი სთხოვდნენ მეფეს იმერეთის შეერთებას ქართლ-კახეთის სამეფოსთან. მეფემ დარბაზი მოიწვია ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის გადასაწყვეტად. რამდენიმე დღე მიმდინარეობდა კამათი მომხრეებს (გიორგი ბატონიშვილი, დავით ორბელიანი, ჭაბუა ორბელიანი, ანტონ კათალიკოსი) და მოწინააღმდეგეებს (იოანე მუხრან ბატონი) შორის. საბოლოოდ მეფემ განაცხადა, რომ ის ვერ შემოუერთდება იმერეთის სამეფოს და ვერ წაართმევდა ტახტს თავის შვილიშვილს, დავით არჩილის ძე, მომავალ სოლომონ მეორეს, რომელიც მისი ასულის, ელენეს შვილი იყო. ამ საკითხის გადაწყვეტაში მთავარი მაინც ის იყო, რომ იმერეთი თურქეთის გავლენის სფეროს წარმოადგენდა და მისი შემოერთებით ერეკლე მკვეთრად გააუარესებდა ურთიერთობას პორტასთან, თანაც ეს იმ დროს რუსეთის, რომლის მფარველობაშიც უკვე იყო ქართლ-კახეთის სამეფო, ინტერესებში არ შედიოდა.
1790 წელს დაიდო “ტრაქტატი ივერიელთა მეფეთა და მთავართაგან დამტკიცებული, საზოგადოსათვის შეერთებისა ქართლისა, კახეთისა, იმერთა, ოდიშისა და გურიისა”.
1791 წელს ერეკლე მეორემ შეცვალა ტახტის მემკვიდრეობის წესი – მამიდან უფროს შვილზე გადასვლის ნაცვლად, მან ბრძანა მეფობის ძმიდან ძმაზე გადასვლა. 1792 წელს ერეკლე მეფემ თავისი ბრძანებით შვილებს დაუნაწილა სამეფო ქონება და გამოუყო საუფლისწულოები.
1794 წელს ირანის ტახტი დაიკავა აღა-მახმადხანმა, რომელმაც საქართველოს დამორჩილება გადაწყვიტა და საამისოდ სამხედრო სამზადისს შეუდგა.
1795 წლის ივნისში ქართველთა ჯარმა ალექსანდრე ბატონიშვილის სარდლობით დაამარცხა ერევნისა და შუშის სახანოების დასამორჩილებლად გაგზავნილი აღა-მაჰმად-ხანის ლაშქარი. თავისი ძალაუფლების განმტკიცების შემდეგ აღა-მაჰმად-ხანმა ერეკლე მეორეს მოსთხოვა ქართლ-კახეთის სამეფოზე სპარსეთის ბატონობის აღდგენა და რუსეთთან კავშირის გაწყვეტა. გეორგიევსკის ტრაქტატის ერთგული ერეკლე მეორე რუსეთის მთავრობას დახმარებას სთხოვდა. სექტემბრის დასაწყისში აღა-მაჰმად-ხანი 35 ათასიანი ჯარით საქართველოსკენ გამოემართა და 8 სექტემბერს ლოღანლუღ-იაღლუჯის ჩრდილოეთ კალთებსა და კუმისის ტბას შორის, მდინარე მტკვრის ნაპირზე დაბანაკდა. სპარსელთა ჯარში თავიანთი ლაშქრით იყვნენ განჯის მმართველი ჯავად-ხანი, ყარაბაღელ სომეხთა მელიქები მეჯლუმი და ჰაბოვი, ასევე ერევნის ხანი. აღა-მაჰმად-ხანის ამ გამოლაშქრებას ელოდნენ საქართველოში და მრავალრიცხოვანი ჯარის შეკრებაც შესაძლებელი იყო, მაგრამ რუსეთის დახმარების მომლოდინე ერეკლე მეორემ დროული და საჭირო ღონისძიებები ვერ გაატარა და მტერს მოუმზადებელი დახვდა. ქართველმა სარდლობამ გადაწყვიტა გამოეყენებინა მისადგომების რელიეფი და ეიძულებინა მტერი ებრძოლა ისეთ პირობებში, რომ ვერ მოეხერხებინა ჭარბი ძალების გაშლა და გეორგიევსკის ბრძოლაში ჩაბმა.
ამასთან ქართველებმა მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარეს თავდაცვითი ზღუდეებისა და პოზიციების შესაქმნელად. ქართველთა ლაშქარი 5 ათასამდე მეომარს ითვლიდა, აქედან 2000 იმერეთის სამეფოდან იყო, მათ სოლომონ მეორე მეთაურობდა. ქართველთა სარდლობამ ლაშქარი სეიდაბადმტკვრის ვიწროებში დააბანაკა. მეწინავე რაზმს იოანე ბატონიშვილი მეთაურობდა, მარჯვენა ფრთას – დავით ბატონიშვილი (გიორგი XII-ს ძე), მარცხენას – იოანე მუხრანბატონი, ცენტრს და საერთო ფრონტს – ერეკლე მეორე. ცენტრს უკან მარქაფაში ორი რაზმი იყო, რომელთაც ვახტანგ ბატონიშვილი და ოთარ ამილახვარი სარდლობდნენ. აღა-მაჰმად-ხანმა თავისი ლაშქარი 14 რაზმად დაჰყო და მოპირდაპირე მხარეს – შავნაბადას, თელეთისა და კრწანისის მიდამოებში განალაგა. ჯარის ზურგში თურქმენთა 6 ათასიანი რჩეული რაზმი დააყენა, რომელსაც შემტევი ნაწილების უკან დახევის შემთხვევაში მათთვის ცეცხლი უნდა გაეხსნა.
9 სექტემბერს დილით, ქართველთა ნაწილების დასაზვერად და ხელსაყრელი პოზიციებიდან გამოსატყუებლად ირანელთა ავანგარდი სოღანლუღიდან ორჯერ გადავიდა იერიშზე. ქართველთა მეწინავე რაზმმა მტერი ორჯერვე ახლოს მიუშვა, შემდეგ კი ერთბაშად ცეცხლითა და მოულოდნელი იერიშით უკუაქცია. 10 სექტემბერს მტრის მეწინავე ჯარმა მძლავრად შეუტია ქართველთა გამაგრებულ ხაზს ტაბახმელასა და შინდისს შორის.
ამ ბრძოლაში ქართველებმა გაიმარჯვეს. 11 სექტემბერს დილის 7 საათზე, ირანელთა ლაშქარი მტკვარ-შავნაბადას ვიწროებით თბილისისაკენ დაიძრა და საათ-ნახევრის შემდეგ ქართველთა საბრძოლო დაცვის პირველ პოზიციას შეუტია. 5000 კაცი თბილისისათვის ზურგიდან მოსავლელად თელეთის მიმართულებით გაგზავნეს. ქართველთა ლაშქარმა ეს შეტევა მოიგერია, მაგრამ მტრის გაძლიერებული ცეცხლის შემდეგ იძულებული გახდა თავდაცვის მეორე პოზიციაზე გადასულიყო. ერეკლე მეორემ მეწინავეებს ვახტანგ ბატონიშვილისა და სხვა რაზმებიდან ამორჩეული ქიზიყელთა, არაგველთა და თუშ-ფშავ-ხევსურთა ძალები მიაშველა. მათ შეუერთდა თბილისის მოსახლეობის რაზმი, რომელსაც სასახლის მსახიობთა დასის მეთაური მაჩაბელი ედგა სათავეში. მტერი თელეთის მხრიდან შავნაბადას ქედზე გადმოვიდა და მოულოდნელად შეუტია ქართველთა მარჯვენა ფრთას, მაგრამ დავით ბატონიშვილის რაზმმა არტილერიის ცეცხლით უკუაქცია იგი.
აღა-მაჰმად-ხანმა ადიდებული მტკვარი გადალახა და იქიდან დაათვალიერა ქართველთა პოზიციები. ქართველებმა მტრის ეს მანევრი ზურგიდან შემოვლის საშიშროებად მიიჩნიეს, მათ უკან დაიხიეს და მეორე მხრიდან მესამე თავდაცვით სანგარში მყოფ ჯარებს შეუერთდნენ. მოღალატეთა დახმარებით შაჰი მოხერხებული ფონით უკანვე გადავიდა მტკვარზე. ირანელთა მეწინავე ნაწილები სეიდაბადის ბაღებში შეიჭრნენ, მაგრამ ქართველთა ჯარი კლდეებიდან კონტრშეტევებით იგერიებდა მტერს.
ამ დროს სეიდაბადის სამხრეთი კალთებიდნ შეტევაზე გადავიდა ვახტანგ ბატონიშვილის 2 ათასიანი რაზმი, რომლის ამოცანა იყო სპარსელთა ჯარის შუაზე გაკვეთა. მტერმა თავისი ძალები ამ რაზმის უკუგდებაზე დააბანდა. ამ დროს ერეკლე მეორემ კონტრშეტევაზე გადასვლა ბრძანა, მაგრამ მძიმე ბრძოლაში ისედაც მცირე ქართველთა ძალები თანდათან ამოიწურა და უკან დახევა დაიწყო. ამავე დროს კრწანისის მაღლობიდან მტერმა ქართველებს ზარბაზნების ცეცხლი გაუხსნა. უეცარი იერიში მიიტანეს დავით ბატონიშვილის რაზმზეც. ქართველებისათვის ზურგიდან შემოსავლელად და უკანდასახევი გზის მოსაჭრელად რამდენიმე ასეულისაგან შემდგარი ცხენოსანი რაზმი შინდისის მიმართულებით გაიგზავნა. მტრის ეს მანევრი ქართველთა სარდლობამ შენიშნა და იმერელთა ათასეულის მეთაურისა და არტილერიის უფროსის გასაფრთხილებლად შიკრიკი გაგზავნა, მაგრამ იგი გზაში მოკლეს. ერთი საათის შემდეგ ქართველთა ლაშქარი მესამე სანგრიდან მეოთხეში გადავიდა, აქაც ერთი საათი იბრძოდა და შემდეგ უკან დახევა დაიწყო. დღის მეორე ნახევარში აღა-მაჰმად-ხანმა მთელი რეზერვი ბრძოლაში ჩააბა და ქართველებს დევნა დაუწყო. ქართველმა მეზარბაზნეებმა შეძლეს მტრის შეტევის დროებით შეკავება. ერეკლე მეორემ და მისმა 150-მდე მხედარმა თბილისზე გავლით საგურამოსკენ გასწია და ბოლოს თავი მთიულეთს შეაფარა. მტერი ქალაქში შევიდა. მათ თბილისი გადაწვეს და გაძარცვეს. მარცხმა მძიმედ იმოქმედა როგორც პირადად მეფეზე, ასევე მის სამეფოზეც. რუსებს, რომლებსაც “გეორგიევსკის ტრაქტატით” საქართველოს დახმარების ვალდებულება ჰქონდათ აღებული, ხელიც არ გაუნძრევიათ, რუსეთს აწყობდა ქართლ-კახეთის სამეფოს დასუსტება.
1798 წლის 11 იანვარს ერეკლე მეორე თელავში გარდაიცვალა. მხცოვანი მეფე სვეტიცხოველში დაკრძალეს.