საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთში, ლონდონში მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი.
WTM London 2023 გამოფენაში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 20-მდე ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობს. გამოფენაზე თბილისის მერია, იმერეთის, სამეგრელოს, სვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციებია წარმოდგენილი.
ლონდონის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში სტუმრებს საქართველოს სტენდთან საშუალება აქვთ გაეცნონ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებას, იხილონ ვიდეო რგოლები და შეიტყონ ინფორმაცია ტურისტული პროდუქტების შესახებ. გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია პრეზენტაციები და შეხვედრები წამყვან კომპანიებთან, სადაც კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ურთიერთობები დაამყარონ მომავალ პარტნიორებთან ერთობლივი ტურისტული პაკეტების მომზადების მიზნით.
WTM London 2023 გამოფენაში 185-ზე მეტი ქვეყნის 4 ათასი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს. გამოფენას ტურიზმის სფეროს 35 ათასზე მეტი პროფესიონალი ესწრება.