საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია, რომელიც იტალიური ვირტუს ბოლონიას ღირსებას იცავს, ევროლიგის ოქტომბრის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. შენგელია გასულ თვეში ორჯერ გახდა ტურის საუკეთესო მოთამაშე და საერთო ჯამში მან ყველაზე პრესტიჟული ევროტურნირის MVP-ის ტიტული დაიმსახურა.
“ევროლიგის 2023/24 წლების რეგულარულ ჩემპიონატში 5 ტურია გასული, ბოლონიელებისთვის კი ოქტომბერი ძალიან წარმატებული იყო. “ვირტუსმა” 5-იდან 4 თამაში მოიგო, სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზეა და ლიგაში მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ მადრიდის “რეალს” აქვს (5-იდან 5 მოგება).
სასტარტო ხუთ თამაშში თორნიკე შენგელია საშუალოდ 18,4 ქულას აგროვებდა, რაც ევროლიგაში მესამე შედეგია. ეფექტიანობის მაჩვენებლით კი, რომელიც 23,6 ბალს შეადგენს, ქართველი ფორვარდი ლიგაში მეორე ადგილს იკავებს. ამას გარდა, შენგელიას საშუალო მაჩვენებელი 4,8 მოხსნა და 4,0 პასი იყო. ის ორქულიანებს 75,0%-იანი, სამქულიანებს – 52,9%, ხოლო საჯარიმოებს – 85,0%-იანი სიზუსტით ისროდა”, – ნათქვამია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ეს ტიტული კარიერაში მეორედ მოიპოვა. პირველად კი ევროლიგის „MVP“-ი 2018 წლის მარტში გახდა.