გეოგრაფიული აღნიშვნა „ქართული დაფნა“ – როგორ განვითარდა დაფნის კულტურა საქართველოში და როგორ იქცა ქართულ პროდუქტად

როდესაც ვამბობთ, რომ საქართველო სტუმართმოყვარე ქვეყანაა, ვგულისხმობთ არა უშუალოდ სტუმრის მიღებას, არამედ კულტურათა გაცვლას, ტრადიციების შეზავებას, მსგავსებებს და კონტრასტებს, რაც, საერთო ჯამში, ქვეყნის მრავალფეროვნებაზე აისახება. ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდგომარეობა ყოველთვის გვაძლევდა საშუალებას, თანაბრად გაგვეზიარებინა აღმოსავლური და დასავლური კულტურა. გზაგასაყარზე მყოფი ქვეყნის ბედმა განსაზღვრა საქართველოს ისტორია – როგორც სირთულეებით და ომიანობით, ისე ეგზოტიკურ კულტურათა შეჯვარებით, რაც საუკუნეების განმავლობაში ჩვენთან დარჩა და ჩვენად გადაიქცა.

ზუსტად ასეთია დაფნის მაგალითი. ქართული ბუნებისთვის უცხო მცენარე, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე, IV-III საუკუნეში შემოიტანეს ბერძნებმა, ჩვენ კი საუკუნეების განმავლობაში ისე მივიღეთ და ვაქციეთ ქართულ პროდუქტად, რომ დღეს, ევროკავშირის ბაზარზე, საქართველო დაფნის ექსპორტით ერთ-ერთი მოწინავეა. ჩვენზე მეტი რაოდენობა მხოლოდ თურქეთს გააქვს ევროპაში, მეორე ადგილზე კი სწორედ საქართველო დგას.

როგორ განვითარდა დაფნის კულტურა საქართველოში – ამის ნათელი მაგალითია დაფნის მოყვანის, მოვლისა და შეგროვების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება, რომელიც ქართველმა ხალხმა გაითავისა, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოს მოსახლეობამ, სადაც დაფნის საერთო მოცულობის უმეტესი რაოდენობა ხარობს. დაფნის წარმოება ბუნებრივად მხოლოდ ხალხურ წესებზე იყო დამოკიდებული, XX საუკუნის 30-იანი წლებიდან კი დაფნას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა მიენიჭა. დაიწყო კვლევითი სამუშაოები, მოვლისა და მოყვანის პროგრესული ტექნოლოგიების შემუშავება, რამაც ბოლო ერთ საუკუნეში დაფნის ხარისხი მკვეთრად გააუმჯობესა.

ამ პრეისტორიის გათვალისწინებით, დაფნას უკვე თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „ქართული დაფნა“. ის იწარმოება მარადმწვანე, ხეშეშფოთლიანი სუბტროპიკული ხე-ბუჩქისგან, რომელსაც „კეთილშობილ დაფნას“ ეძახიან. ეს ჯიში გავრცელებულია ევროპის, აზიის და სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონებში. „კეთილშობილი დაფნის“ სამშობლოდ ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნები ითვლება.

ქართული დაფნა სხვა ქვეყნებში წარმოებული დაფნისგან გამოირჩევა არომატის განსაკუთრებული დახვეწილობითა და უნიკალურობით. გამოშრობის შემდეგ ის იძენს ბალახეულის და ოდნავ ყვავილოვან სურნელს, რომელსაც ამსგავსებენ თავშავას და ბეგქონდარას. დაფნის ფოთოლს განსაკუთრებულ არომატს მცენარის ფოთლებში არსებული ეთერზეთები ანიჭებს.

ფორმის მხრივ, დაფნას აქვს წაგრძელებული ოვალური ფოთოლი, მწვანე ან ღია მწვანე მოვერცხლისფრო ელფერით, მომწარო, დაფნისთვის დამახასიათებელი გემო და არომატი უცხო სურნელების გარეშე. აქ ჩამოთვლილი განსაკუთრებული არომატი სწორედ ქართული მიწით და აგროკლიმატური პირობებითაა გამოწვეული. დაფნისთვის იდეალური სუბტროპიკული კლიმატია დასავლეთ საქართველოს უდიდეს ნაწილში. განსაკუთრებით სამეგრელოში, შემდეგ გურიაში, იმერეთსა და აჭარაში. როგორც ვახსენეთ, დაფნის ფოთოლში შემავალი ეთერზეთები არის მნიშვნელოვანი სიმდიდრე, რაც ფოთლებს განსაკუთრებულ არომატს და სურნელს აძლევს. აი, ამ ეთერზეთების შემცველობა კი განისაზღვრება იმით, თუ როგორ მოხდება დაფნის ფოთლების გამოშრობა და შენახვა. ამ მხრივ, საქართველოში დანერგილმა ტრადიციულმა მეთოდმა – მზეზე შრობამ არ გაამართლა. აღმოჩნდა, რომ მზეზე შრობის დროს ფოთოლი ადვილად ფუჭდება, ფერს იცვლის, ხდება მოწითალო და დაბალხარისხიანი. ამიტომ, დაფნის წარმოების დროს აუცილებელია სპეციალური საშრობი მოწყობილობის გამოყენება. ამასთან, სათანადო ხარისხის პროდუქციის საწარმოებლად, შრობის პარამეტრებად განსაზღვრულია 15 წთ-იანი შრობა 70-75°С ტემპერატურაზე.

დაფნის მოსავლის აღება შესაძლებელია ორი წესით – ყოველწლიურად აჭრა და ორ წელიწადში ერთხელ აჭრა. ქართული დაფნის ნედლეულის წარმოება კი დაშვებულია როგორც სპეციალურად გაშენებულ პლანტაციებში, ისე საკარმიდამო ნაკვეთებში.

გეოგრაფიული აღნიშვნა „ქართული დაფნა“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2022 წლის 30 აგვისტოს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე. 

წყარო: საქპატენტი