“თევზეული ქართულ სამზარეულოში” – 70-ზე მეტი კერძის რეცეპტი უკვე მზადაა

თევზეული ქართულ სამზარეულოში” – ამ სახელწოდებით აჭარაში კიდევ ერთი კულინარიული გზამკვლევი მომზადდა. წიგნი, რომელშიც 70-ზე მეტი ადგილობრივი, ქართული თევზის რეცეპტია თავმოყრილი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ კულინარიული ტურიზმის პოპულარიზაციისა და განვითარების მიზნით მოამზადა. წიგნში შავ ზღვასა და აჭარის შიდა წყლებში არსებული თევზეულობისგან მომზადებული ცივი კერძები, წვნიანი კერძები, შემწვარი და ლაზურად მომზადებული თევზის კერძებია შესული. მათ შორისაა თევზი ნიგვზითა და თხილის საწებლით, სხვადასხვა სოუსებით, თევზის ღვეზელი, ქაფშია (ხამსას) კერძები, თევზის მჭადები და შავ ზღვაში არსებული ზღვის პროდუქტებისგან დამზადებული კერძები. გარდა რეცეპტებისა გზამკვლევში საუბარია თევზის და ზღვის პროდუქტების მომზადების წესებზე, თევზის ზოგად კვებით და გასტრონომიულ ღირებულებაზე, მეთევზეობის ისტორიასა და კულტურაზე საქართველოში.

ახალი კულინარიული გზამკვლევის მომზადების პროცესი დასრულებულია. წიგნის ელექტრონული ვერსიის ნახვა დაინტერესებულ პირებს ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე შეუძლიათ. თევზეული ქართულ სამზარეულოში წლის ბოლომდე დაიბეჭდება და გასტრონომიული ტურიზმის დაინტერესებულ პირებს, გიდებს, საოჯახო სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებს უფასოდ გადაეცემათ. ცნობისთვის, ეს რიგით მეორე კულინარიული გზამკვლევია “კულინარიული მოგზაურობა აჭარაში წიგნის შემდეგ, რაც სააგენტომ გასტრონომიული ტურიზმის განვითარების მიზნით აჭარაში მოამზადა.