აშშ-ის მთავრობისა და თბილისის კონსერვატორიის წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, ქართული პოლიფონიის მეოცე საუკუნის უნიკალურ ჩანაწერებს საფრთხე აღარ ემუქრება.
აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ფონდის დაფინანსებითა და სმითსონის ინსტიტუტის მხარდაჭერით გაციფრულდა ქართული პოლიფონიის უიშვიათესი, ორასზე მეტი საათის ჩანაწერი. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს.
“აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ფონდის დაფინანსებითა და სმითსონის ინსტიტუტის მხარდაჭერით გაციფრულდა ქართული პოლიფონიის უიშვიათესი, ორასზე მეტი საათის ჩანაწერი. რაც მთავარია, გაციფრულებისთვის საჭირო ტექნოლოგია და ცოდნა კონსერვატორიაში ჩვენს პარტნიორებს გადაეცათ, რაც საშუალებას მისცემს მათ, რომ საქართველოს მემკვიდრეობის შენარჩუნების ეს უმნიშვნელოვანესი საქმე გააგრძელონ”, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გასულ კვირას გაციფრულებული მრავალხმოვანი მუსიკის ჩანაწერების წარდგინებას სიხარულით დაესწრო ელჩი რობინ დანიგანი, რომელმაც აუდიო ჩანაწერებთან ერთად ანსამბლ ადილეის ცოცხალი შესრულებაც მოისმინა.