მაშინ ინტერვიუ, მით უმეტეს, ბლიცინტერვიუ, სრულიად ახალი ხილი იყო. ისტორიას შემორჩა ბლიცინტერვიუ აკაკისთან, რომელიც იონა მეუნარგიამ ჩაწერა:
– რომელი თვისება უფრო მოგწონს კაცისა?
– მამაცური სულგრძელობა.
– რომელი თვისება მოგწონთ ქალისა?
– გულწრფელი დაუდგრომლობა.
– რას უფრო გინდა აკეთებდე?
– მისთანა საქმეს, რომელიც თავაშვებულს ჰლაგმავდეს და გულგატეხილს ამხნევებდეს.
– რითი განსხვავდება შენი ხასიათი?
– საფუძვლიანში სიმტკიცით და წვრილმანში უხასიათობით.
– რომელია ყველაზე დიდი ბედნიერება?
– გარემოების ატანა.
– რომელია ყველაზე დიდი უბედურება?
– გულუმაძღრობა.
– რა ფერი უფრო გიყვარს?
– დროზე მოხდენილი.
– რა ყვავილი?
– ვარდი.
– შენ რომ აკაკი არ იყო, ვინ გინდა იყო?
– მაინც აკაკი.
– სად უფრო გინდა ცხოვრობდე?
– ყველგან და არსად.
– რომელი მწერლის პროზა უფრო მოგწონს?
– არდაზიანის.
– რომლის პოეზია?
– გურამიშვილის.
– ვინ უფრო მოგწონს კაცთაგან ისტორიაში?
– გიორგი ბრწყინვალე.
– რომანში ვინ გირჩევნია კაცთაგან?
– ავთანდილი.
– ქალთაგან ვინ მოგწონს რომანში?
– ნესტანდარეჯანი.
– რა სახელები უფრო გიყვარს?
– ელენე და არჩილი.
– რა უფრო გძულს ქვეყანაზე?
– წვრილმანობა.
– რა შეცდომას უფრო აპატიებ კაცს?
– ყოველგვარს, თუკი შეინანებს.
– რა სასმელს უფრო ეწყობი?
– წყალს.
– ვინ არის ყველაზე ლამაზი ქალი ქუთაისში?
– ის, რომელიც მე შემიყვარდება.
– შენი ცხოვრების დევიზი რა არის?
– შრომა და მოთმინება.
– რომელი ადგილი უფრო მოგწონს “ვეფხისტყაოსნისა”?
– ჩვენი კრიტიკოსებისგან დაწუნებული.
მწერალთა სახლი – ახალი ძველი ამბები ეკა მახარაშვილისგან