ნაზი კილასონიას უმისამართო წერილი

ნაზი კილასონიას უმისამართო წერილი, რომელიც მან იმ ადამიანს მიუძღვნა, რომელიც უყვარდა და რომელიც ასევე ცნობილი პიროვნება იყო.

წერილი მარადიულს...

“გთხოვთ არ გაიგოთ სხვანაირ სახით”

/ლადო ასათიანი/

“შენ კი მითხარი:არაფერია!”

/ალ.საჯაია-(თქვენდამი)/

“იგი მისმენს,მერე მკაცრად

ამბობს: მაი აფერია.”

/გალაკტიონი /

“ახლა, როდესაც მეოთხედი საუკუნე უკვე გასულია. როდესაც შორიდან ვუყურებ იმ საცოდავ ბავშვს,

როდესაც ვფითრდები მის უმწეობაზე, როდესაც მრცხვენია მის ნაცვლად, როდესაც მისი დაცემა, მისი აღმართები დაძლეული მაქვს,

ტანჯვის ფასად,

წლების ფასად,

ნერვების ფასად,

გაანჩხლებული, უღონო სიავის ფასად,

და ყველა ამათგან ვარ აწ თავისუფალი,

როდესაც თითქოს მიუღწეველის მიღწევა შევძელ – შევძელ სიტყვის მოთვინიერება, დაურვება და ამით თითქოს უფლის ნათელს ვეზიარე,

მადლობა იმ ტანჯვას! ამის გარეშე არაფერი არ იქნებოდა!

მადლობა თქვენც, ვინც თქვენდაუნებურად, თქვენი სურვილის გარეშე შემქმენით.

ახლა, როდესაც ხელებდაკაწრული ავედი ჩემს სახელიანსა თუ უსახელო მაღლობზე, სრულის შეგნებით ვაძლევ ჩემს თავს უფლებას გაესაუბროს თქვენს თავს, თქვენს რომაელი პატრიცის ჭკვიან, მკაცრსა და დამცინავ თავს.

მე მინდა ავხსნა, აგიხსნათ რა მოხდა? რატომ მოხდა? მე თავად მინდა გავერკვე.

მე მინდა დავუბრუნო, აღვუდგინო თქვენს საცოდავ მოსწავლეს თავისი უფლებები._ რომ იგი არ იყო უნიჭო( როგორც თქვენ გგონიათ), რომ იგი არ იყო მარტივად უბირი(როგორც თქვენ ფიქრობდით) და რომ მას ბრწყინვალე მეხსიერება ჰქონდა( რასაც ალბათ სულაც არ მოელოდით). იგი რომ ცოტა ნაკლებ უსახური ყოფილიყო და ცოტა ეშმაკი, მაშინ არც ეს ბარათი დაიწერებოდა. რატომ მოხდა? უკეთ, რატომ მოხდა ჩემში?

წეღან მოვიწონე თავი: ბრწყინვალე მეხსიერება მაქვს მეთქი. ახლა ვეცდები ეს დაგიმტკიცოთ და რამდენიმე წუთით გადაგასახლოთ იმ ბედნიერ დროში: (გთხოვთ, ძალიან გთხოვთ დაძაბოთ მეხსიერება, რადგან თქვენთვის ის უსარგებლო დეტალები ალბათ სრულიად წაშლილია)

გახსოვთ გოგონა, რომელიც მოვიდა თქვენთან პიონერთა სასახლეში? მას თქვენ მიეცით ყოვლად შავი სამუშაო: გადაეწერა “ნიჭიერ” ბავშვთა ლექსები და მოთხრობები ალბომში. მე მახსოვს თქვენი ნათელი, მაღალი ოთახი. მახსოვს სარკის ელვარება დერეფანში.. გადავწერე ყოვლად საძაგელი ხელით და კვლავ მოვედი. თქვენ მაინც მადლობელი დამრჩით და ჩამიყვანეთ პირველ სართულზე. იქ დიდხანს ვისხედით დირექტორის მისაღებ ოთახში. (ელიკო აგლაძე იყო, არა?) მერე რამდენიმე კითხვა მომეცით. გპასუხობდით დაბნეულად. რატომ დაბნეულად? იმიტომ რომ შეურაცხყოფილი ვიყავი: მე ხომ სხვისი, სხვა ბავშვების შემოქმედება გადამაწერინეს. (რა გულწრფელი ვარ ახლა!) წარმადგინეთ ჩემი უბედური ალბომით და მართლაც, რა უბედური წამოველ, რა გაბუტული(ეს გაბუტვა მერეც დიდხანს გამყვა)

შემდეგი შეხვედრა: ისიც ომამდე.(მაპატიეთ, რომელი კლასის მოსწავლე ვიყავ აღარ მახსოვს). უკანასკნელი გამოცდა. ფრიადოსანი ვარ(იმ სკოლაში მე ვბრწყინავდი, მერე გადავისხი ლაფი ქალთა სკოლაში, თორემ..) დამრიგებელმა სამასწავლებლოში ჩამგზავნა, ”ნორჩი ლენინელის” კორესპონდენტია მოსულიო. (ასე არ იყო განა?) და თქვენ! თავჩაღუნულმა, ენაჩაგდებულმა ,ხმაჩაწყვეტილმა მოგახსენეთ ჩემი “წარმატებანი”. მერე ჩემი სახელითა და გვარით გამოქვეყნდა გაზეთში-ესა და ეს ვქმენ, ამას და ამას დავეხმარე, ასე და ასე ვსწავლობ მეთქი. (ხედავთ? თავიდანვე მქმნიდით როგორც მითს. მერე დაგაღალატეთ, თორემ..)

ასე, გაზეთზე “გაჩვეული” მომიყვანა შემდეგ წელს რედაქციაში ერთმა კეთილისმყოფელმა მასწავლებელმა. ეს იყო “ კომუნისტის” გამომცემლობის I სართულზე, ხელმარცხნივ. სწორედ იქ, სადაც შემდეგში მეც ვმუშაობდი. მახსოვს ორად გაყოფილი ოთახი, შემინული ძგიდით. თქვენ მაგიდასთან ბრძანდებოდით. რატომ მიგვიღეთ ასე ცივად? რატომ ვერ მიცანით? მაშინ ვერ მივხვდი, ახლა ნათელია_ გაბეზრებული იყავით ვუნდერკინდებით, ტალანტებით, მათი კორესპონდენციებით.

შემდეგ? ეს უკვე ომის პირველ წელს მგონი: დედასთან ერთად მარჯანიშვილის თეატრში ვზივარ, ერთი რამ მეშლება მხოლოდ- რა სპექტაკლი იყო, “მეფე ერეკლე”? როგორ ვტიროდი ანა-ვერიკო ანჯაფარიძის სლაკნვა ქვითქვითზე! რა განაბული მივდევდი მოგონილ ჩახლართულ-ჩაგრეხილ სიტუაცია-კონფლიქტებს! დიახ, ერთი სიტყვით, თავს ვიტყუებდი, გულს ვიგდებდი. აინთო ჭაღი. თვალდასიებული წამოვდექ და.. ისევ თქვენ, ასევე საპატიო ქანდარაზე(სცენიდან ხელმარჯვნივ). მაგრამ მარტო არ ბრძანდებოდით, სხვა ახალგაზრდასთან ერთად. მას შემდეგ, რაც საჯაიას ლირიკამ (აქ გამოტოვებულია რაღაც და ჩემი აზრით-სავარაუდოდ მასწავლებელმა გააფრთხილა ისინი, რომ მათი ინგლისურის მასწავლებლის მაგიერ სხვა მოვიდოდა/ნინო/ ) .. ნაცვლად ერთი მეტად საინტერესო, ჭკვიანი და სერიოზული ვაჟი მოვაო და აბა თქვენ იცით, არ გაანაწყენოთ, კარგად ისწავლეთო. “ ჭკვიანი და სერიოზული ვაჟის” სანახავად ზარის დარეკვამდე სამასწავლებლოს კარში ვიჭვრიტებოდით და როცა თქვენ შემაგებეთ თვალები(რომელმაც შემდგომში მრავალი “ლექსი” დამაწერინა”), მაშინ მე საწყალმა ბედისწერად ჩაგთვალეთ.

ასეთი ვრცელი წინამორბედის შემდეგ, ნება მიბოძეთ ჩვენს კლასში შეგიყვანოთ. კლასი სავსეა უმეტესად ღატაკი და მშიერი გოგონებით. გამოვტყდები, საკმაოდ ბლაგვი ბავშვებია. აქ ხუთოსნები ტვინშეზღუდულები არიან, ისეთი სამოსანი კი, როგორიც მე ვარ, წიგნებში ვარ თვალჩაწყალებული(ოღონდ ქართულ წიგნებში, რუსულად ზღაპარიც არ მაქვს წაკითხული!). ერთსა და იმავეს მეასედ ვკითხულობ და ამიტომ ახლომხედველი ვარ, დაფასთან, პირველსავე მერხზე ვზივარ.

თქვენ შემოდიხართ და მცნობთ. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს გეუხერხულებათ და ამიტომ ჩემშიც რაღაც საყრდენის მსგავსს ეძებთ. შემდეგში მივხვდი, რომ მეტს მოელოდით, -ე.ი. ჩემი გონებისგან, მოელოდით უფრო მეტს. ვერ გაგიმართლეთ. ვერ გაგიმართლეთ, რადგან ჩავიკეტე ჩემშივე. რაღაც საბედისწეროდ ვერ შევძელ მეჩვენებია სინათლე ჩემი სუფთა გონებისა. თქვენ გვესაუბრებოდით დავით კოპერფილდის შესახებ. აღტაცებული იყავით იმ სიძლიერით, რითაც დიკენსმა გამოძერწა ური ჰიპის სახე, მისი ბაყაყივით სლიპი ხელები.(გახსოვთ? ხომ მართალი ვარ?) თქვენ გინდოდათ კლასამდე მიგეტანათ ერთი უმშვენიერესი რამ: როდესაც ური ჰიპი მიდის, კოპერფილდი ხსნის ფანჯარას,(რა მშვენიერია!) კლასს არ ესმოდა ეს. არც ჰქონდა წაკითხული. მე კი ზეპირად ვიცოდი თითქმის მთელი წიგნი(ქეთევან ბაქრაძის მიერ იყო არა ნათარგმნი?) თქვენ კი ეჭვიც არ გაგკარებიათ ამის შესახებ. როგორ შემარყიეთ, როცა ო ჰენრის “უკანასკნელი ფოთოლი” გვიამბეთ. ეს უკვე სიახლე იყო ჩემთვის. სევდიანი, გულისშემძვრელი. თქვენ ყველაფერ ამას დედანში კითხულობდით და უფრო მეტად ღრმავდებოდა უფრსკრული… რომ მომკლათ, ვერ გადამარწმუნებთ: გეზიზღებოდათ მთელი კლასი. გეზიზღებოდით მეც. უარესიც – თქვენ დაგვცინოდით( დაგვცინოდით, რადგან მშვენიერებასთან ერთად გონიერებასაც სცემდით პატივს, ჩვენ კი ამის ნიშან-წყალიც არ გვედო) გუმანით გრძნობდით, რომ იდუმალი თაყვანისმცემლები გაგიჩნდნენ, მე კი (რა სულელი ვიყავი, რა სულელი!) ყველგან ვკითხულობდი ჩემს გონჯ ლექსებს ცისფერ თვალებზე. გინდათ გაგახსენოთ როგორ დაგვცინოდით? აი, მაგალითად: იძახებთ აყლაყუდა, გამხდარ მოსწავლეს, რომელსაც ვენერა ჰქვია:

-აფროდიტა, გამობრძანდით!

იგი წითლდება და გახსენებთ, რომ “ვენერა” ჰქვია.

-ღმერთო, მომკალი! თუმცა, აფროდიტა და ვენერა ერთი და იგივეა ხომ იცით?

ვენერა-აფროდიტას კი არაფერი სმენია ამის შესახებ.

მე ამის შემდეგ კი აღარაფერს ვსწავლობ ჯიუტად. გამომიძახეთ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და ბოლოს ცოდვით მეუბნებით ერთადერთს: თუ გინდათ უმაღლესში მოხვდეთ, ინგლისურიც უნდა ისწავლოთ. (მე ვგრძნობდი ამ “თ”-ს, ვით შეურაცხყოფას).

თქვენ ხშირად დგებით დაფასთან, ჩემს მერხსა და კედელს შუა. ტანსაცმელი კედლისგან გესვრებათ, თქვენ კი თურმე ეჭვობთ_ კლასში ცარცს მისვამენო. შემდეგ გაკვეთილზე დაჟინებით გიყურებთ და წყენისგან ათრთოლებული ტუჩებით გეუბნებით: “მასწავლებელო, ნუ დგახართ კედელთან, ტანსაცმელზე გადაგდით”. თქვენ რაღაცას ხვდებით და.. წითლდებით.

არა, უსამართლო არ უნდა ვიყო. არის ორიოდე ბავშვი, ვისაც პატივს სცემთ. ისინი კარგად სწავლობენ ტექსტებს, უწესო და წესიერ ზმნებს. ერთი სიტყვით, მართლაც კარგები არიან. თქვენ აქებთ ჩემი მეგობრის, თანამერხელის მხედველობით მეხსიერებას(ეს უკვე სიახლე იყო ჩემთვის: “მხედველობითი მეხსიერება”!) მე მშურს მათი, მაგრამ რა ვქნა, უკვე ვეღარ ვსწავლობ ვერაფერს და უნიჭოთა ჭაობში ვინთქმები სამუდამოდ. ( მაგრამ თქვენ არ იცით, რომ სახლში მაქვს ჩემი თავშესაფარი: ჩემი წიგნები, ჩემი ლექსები, ჩემი გალაკტიონი და ჩემი ლადო ასათიანი).

მხოლოდ ერთხელ დაინახეთ ჩემში უფრო მეტი: მაწყენინეთ, მკაცრად. ( არ მინდა გაგახსენოთ დეტალები, მეყოფა, მე რომ მახსოვს) მთელი გაკვეთილი მერხზე თავდამხობილი ვტიროდი. შეწუხდით, იგრძენით, რომ თავმოყვარეობა დიდი მქონია. ვტიროდი და ბედნიერი ვიყავ, ვტიროდი შვებით, რომ ჩემს გამოც შეგიძლიათ შეცბეთ, შეწუხდეთ.( ასეთი შვებით ახლა სიზმრებში ვტირივარ მხოლოდ) ვიცი დაგღალეთ, მაგრამ მე ეხლა მეტირება. ნუ ჩამომართმევთ სენტიმენტალობაში. გათოშილს, საუკუნის მეოთხედით გათოშილს მიყვარს ის სულელი ბავშვი, ის დაღვრემილი ქუჩა, პირქუში შენობა სკოლისა. მე თქვენ გიწერდით თავხედ ლექსებს, სადაც ერთი სტრიქონი მაინც გამოერეოდა ხოლმე ხელუხლები, როგორც დაპირება:

“ წინ გაშლილია ქუჩის მარაო (გაცვეთილია!),

მიდიხარ სწრაფი და იმალები (სუსტია!)

ვიწრო პროსპექტი ცრემლში ქანაობს(მომწონს ძალიან!)

ცრემლმა დასეტყვა ჩემი თვალები (საძაგლობაა!)”

და უცებ, ამოვარდნილი, ჩემეული, მხოლოდ ჩემგან ნათქვამი:

“ვაი, რა ცუდად გიცვნივარ,

რა ტყვილად გდებდი იმედებს,

მე ათი გულის ღირსი ვარ,

შენ ერთიც ვერ გაიმეტე!”

მადლობელი ვარ, რომ ვერ გაიმეტეთ. მე ხომ ვერ დავწერდი მაშინ ვერაფერს. აკი ვთქვი კიდეც ცოტა მოგვიანებით:

“მეც მინატრია ია მუხლამდის,

როს გაზაფხულის მწვავდა იერი,

მიყვარდა, მაგრამ რომ არ ვუყვარდი,

სწორედ ამიტომ ვარ ბედნიერი”

.. თქვენ რომ გცოდნოდათ პატარა სხეულში, პატარა მოელვარე თავში დატრიალებული ეს ქარიშხალი, ყოვლის წამლეკი და უბედური – დამითმობდით. თქვენცა და თქვენი მშვენიერი საცოლეც, და-მით-მობ-დით. შემდეგ გაჭირვებით დამთავრებული სკოლა. ატესტატი. და მცხეთა!

მცხეთა! მზით ალავარდნილი, გულისგამხეთქი მცხეთა, სვეტიცხოველი, გათხრილი სამაროვანი. ჩემს პირდაპირ იდექით, ჩვენ გვიამბობდნენ სერაფიტისა და ზევახის შესახებ. ბაბო მჭედლიძე ბედნიერებით იცინოდა – და მოგძახოდათ: “თქვენ რომ შვილი გაგიჩნდებათ – ზევახი უნდა დაარქვათო”.

მერე თქვენ ისე იცინოდით, ლაღობდით და ბაბო გსაყვედურობდათ – ”სად იწყებით სერიოზული და სად მთავრდებით – დამცინავი, ვერ გამიგიაო!” გახსოვთ? არ გახსოვთ? ჩვენმა პარალელურმა კლასმა გაშალა სუფრა. ჩვენ კი ვენახში წყაროს მივაგენით და ცივი წყლით ვიგრილებდით ხელ-პირს, გულს. რომელიღაც ბავშვი, ვაჟთა სკოლიდან გამოგექცათ, ალბათ შეთვრა კიდეც და თქვენ გულამოვარდნილი დაეძებდით. ჩამოირბინეთ წყაროსთან, მე კი ნაკადულში ვიდექი( რა მშვენიერი პოზაა გამიჯნურებულისათვის!) ვიდექი ფეხშიშველი, ქვეყნით მოხიბლული და ქვეყნით გულამღვრეული. გულამღვრეული თვით ნათელა კეშელავაზეც.( ის ხომ ჩვენ დაგვემგზავრა) მეგონა იგი გიყვარდათ. მერე მატარებლის ლოდინი, ხეების ქვეშ. ნათელა მთხოვდა წამეკითხა ლექსი, რომელიც იმ დღეს გულში დავწერე. არა, იმ დღეს არა, მაგრამ დიდი ხნის შემდეგ დავწერე და სხვათა შორის თქვენს მიერ გამოცემულ წიგნში დავსტამბე.

“… იქ, თეთრ კიბეებზე იჯდა სერაფიტა,

დუმილ დარღვეული გრილი წერაქვითა.

იქ, თეთრ კიბეებზე ჯავრობდა სერაფიტა.

მას ფეხთით დავუდე ცისფერი რვეული,

რა შლეგი ვიყავ და გადარეული,

საყვარლად შლეგი და გადარეული,

ნეტავ იმ დღეებს,

იმ სერაფიტას”.

… და მცხეთელი ქალები სადგურის კიბეებზე მწიფე ალუბალსა ჰყიდდნენ. ეს აქამდე ჩამრჩა, როგორც ტკივილი, როგორც ჭრილობა ალუბლისფერი.

მატარებლით დავბრუნდით. ვისხედით თითქმის ცარიელ ვაგონში. მგონი ნათელას შევეცოდე. ალბათ გითხრათ, ალბათ ამიტომ მოხვედით ჩემთან, რაღაც მითხარით.

მერე სოფელი. ჩემი სოფელი გამოცდებამდე, უმაღლესში. მე მოგწერეთ წერილი. რა თქმა უნდა, ოჯახის წევრები არ გადმოგცემდნენ. მე კი მივრბოდი ნედლ სიმინდებში, ვვარდებოდი გულაღმა და შევყურებდი ცას, თეთრ ღრუბლებს, ვით საშველს რაიმეს. რაღაცას ველოდი. აბა როგორ შეიძლებოდა სხვანაირად. ოჰ, ერთი დიდი რამ დამავიწყდა: კლასში წაგვიკითხეთ და გვითარგმნეთ ადგილი ოლივერ ტვისტიდან: “ცოტაოდენი ფაფა კიდევ დამიმატეთ, ცოტაოდენი სერ” ვიღაცამ გაიცინა. თქვენ გაბრაზებით დახურეთ წიგნი. გეხვეწეთ, მაგრამ აღარ გააგრძელეთ, ესღა გვითხარით გულმოსულმა: ოლივერი რუსულადაცაა ნათარგმნი და კეთილი ინებეთ, წაიკითხეთ, გაისარჯეთო. და, წარმოგიდგენიათ? მე, მე ვიშოვე “ოლივერ ტვისტი”, პირველი წიგნი, რომელიც რუსულად წავიკითხე! დიკენსის სიყვარულით, თქვენის ბრძანებით – დავძლიე იგი! ეს იყო უღვთო, უღმერთო ყამირი. მაინც გავტეხე და ამის შემდეგ შევაღე დიდი მწერლობის კარი. დახარბებული, გაგიჟებული ვფლეთდი, ვკითხულობდი, ვეცნობოდი. გმადლობთ, ამისთვისაც!

ზაფხულშივე დავბრუნდი. იმ თვეებმა თქვენ მოგიტანათ ბედნიერება, ზეიმი სიყვარულისა, მე კი- სიცივე უარყოფისა, უთქმელი უარყოფისა. მახსოვს, როგორ სწრაფად გაიარეთ რუსთაველის პროსპექტზე. მახსოვს, რარიგ დასტრიალებდით თავს მისაღებ გამოცდებზე. მე კი მომგვარეთ ვიღაც მეგრელი გოგონა საპატრონოდ. ეხლაც მახსოვს სახელი და გვარი: ნორა პერტაია( მითხარით, გეთაყვათ, პერტაია აკლდა ჩემს “ბედნიერებას”?) სამაგიეროდ, პერტაია მიამბობდა ალიოშა საჯაიაზე, რომელიც სწორედ იმ ზაფხულს დაიღუპა. მიამბობდა, როგორ ბრძანდებოდით სამი მეგობარი-თქვენ, საჯაია და რეზო მარგიანი სამეგრელოში. როგორ ეჭვიანობდით ერთმანეთზე – ვის უფრო მეტად უყვარსო. (არ ვიცი, იქნებ ტყუოდა კიდეც, ადვილი მოსალოდნელია მისი ჩამოკონწიალებული ნაწნავებისგან) მერე პერტაია დაიკარგა და საერთოდ, მეც დავიკარგე. არაფერს გაყვედრით, დავდიოდი ფაკულტეტიდან ფაკულტეტზე, დავხეტიალობდი წვიმაში, თოვლში. ვსველდებოდი, ვტალახდებოდი, ვეცემოდი, ვდგებოდი. თქვენ უბრალოდ იქეცით მიზნად,( ცუდად არ გამიგოთ) თქვენ კი არა_ ამოსვლა თქვენს სიმაღლემდე. ვწერდი გაუბედურებულ ლექსებს, ასეთს მაგალითად:

“ ო, მე ეს აღმართი ბევრჯერ ამივლია(ე.ი ელბაქიძის)

ვერ მოგწვდა გედური ძახილი:

რომ შენი ხელები ორი ყვავილია

მკრთალი და ნამქერში დახრილი.

მომე ეგ ხელები, ძვირფასო ათასჯერ,

ვემთხვიო, ვემთხვიო მრავალგზის,

ცისფერ ქვეყანაში ღმერთებმა დამსაჯეს,

მარგუნეს სიკვდილი ლამაზი”

ვიგონებდი უცნაურ სათაურებს, ასეთს მაგალითად: “ქორწილი ზეცაში”. გპირდებოდით, რომ ზეცაში გადავიხდიდით ქორწილს.( ვითომ აქაოდა მიწა რა ჩემი საკადრისი და ტოლი იყო. ესღა დამრჩა ნუგეშად!) ღმერთმანი, მეცინება და მეტირება, მეტირება და მეცინება ამას რომ ვწერ!

“ჩვენ ზეცაში გადავიხდით ქორწილს,

სადაც ლურჯი ყვავილები ფეთქავენ,

ჩვენ ზეცაში გადავიხდით ქორწილს,

რადგან ავცდით აქ, მიწაზე ერთმანეთს”

და სხვა მრავალი. ჩემი საბრალო ტვინი, არეული ტვინი ვერ ხვდებოდა რომ ეს ყველაფერი იყო დიდი,შავი სამუშაო ლექსზე, იყო უზარმაზარი სამზადისი, რომ მერე უბრალოდ, მიწიერად და ადამიანურად მეთქვა:

“მე აღარ ვდარდობ, აღარ ვეჭვდები,

მაქვს ბედნიერი, სველი ბეჭები”

იმ წლებში, როცა პირველად მოვედი მწერლობაში,პირველად მოგიახლოვდით_ უკვე ცხადად გძულდით. ერთხელ, სულნათელ შატბერაშვილთან ერთად ვიდექით საშვიდნოემბრო დემონსტრაციის შემდეგ, რაღაც ვთქვი. თქვენ მომიბრუნდით და როგორც მეტიჩარას, როგორც არამკითხეს “რა ბრძანეთ ქალბატონოო”. სულ განგერიდეთ, იმდენად შევიგრძენ ფიზიკურად ეს სიძულვილი. მას შემდეგ სიკვდილს ვათავებდი, თუ თქვენთან შემოვიდოდი გამომცემლობაში. (არ დაგიმალავთ: მე მაშინ ვფიქრობდი, რომ დამსახურებულად მივიღე ის ზიზღი). ერთი-ორჯერ მოვედი მხოლოდ, როცა თქვენმა ბუღალტერმა დამაღალატა: გრძელი ოთახი, თქვენ და მე. ეს საშინელება იყო. მე, ვისაც ამდენი რამ მიბოძეთ, ახლა რაღაც საცოდავი გროშების ბოძებას გთხოვდით.( თქვენ ჭკვიანი ბრძანდებით, ძალიან ჭკვიანი-ხომ შემაძრწუნებელი იყო ეს?)

ახლა, როცა ასაკმა, წლებმა, საკუთარი თავის რწმენამ სულ სხვა ნათელი ჩააფინა ჩემს სულს, დამიბრუნა პატივისცემა საკუთარი არარაობისადმი, ამამაღლა ჩემსავე თვალში.

ახლა, როცა იმდენად სულგრძელი გავხდი, რომ გაპატიეთ ერთი საღამო, ჩემი ხელი რომ გეჭირათ, როცა დამპირდით, რომ ხვალ მწერალთა კავშირში გნახავო.(მაგრამ ის ნახვა თქვენც ზეცამდე გადადეთ)

ახლა, როცა თქვენს მაღალგონიერებას ვცემ, პატივს, იმ საქმეს ვცემ პატივს, რაც გააკეთეთ ჩვენი ხალხისთვის. იმ ჟურნალს ვცემ პატივს, თქვენ უპირველესად რომ ჩაუდექით( თუმცა მე იქ არ გამაჭაჭანეთ) ჟურნალს, სადაც გურამ რჩეულიშვილის ტალანტი გააელვეთ.

ახლა მკითხეთ, რისთვის დავწერე ეს ყველაფერი?

დავწერე მშვენიერებისთვის, რომელსაც ჩემი სიკვდილის შემდეგ დავტოვებ. ბრძანეთ, ხომ ვივარგებდი თქვენს ბიოგრაფადაც?

და რამდენი რამ მახსოვს კიდევ!

ამ ერთ პასაჟზე შევდრკი. გაგახსენოთ თუ არა? მოდით, დავწერ. ეს სისულელეც აპატიეთ თქვენს უნიჭო მოსწავლეს: ერთხელ, ჩვენი “შეგირდანობის” წელს, ვიღაცამ მეზობლის ტელეფონით გამოგიძახათ. შეიძლება არც კი იცნობდით იმ მეზობელს; შეშფოთებული მობრძანდით. იმ “ვიღაცამ” გითხრათ, რომ იტანჯება, რომ უთქვენოდ სიცოცხლე შეუძლებელია. რომ.. რომ.. მაშინ თქვენ ასეთი ფრაზით უპასუხეთ: “ თუ ჩემი ტოლი ხართ, მიიღეთ როგორც საყვედური, მხოლოდ, თუ პატარა_მიიღეთ, როგორც დარიგება, რომ უცხო ხალხის შეწუხება არ შეიძლება!”.. მიხვდით ახლა ალბათ, ის “ვიღაცა” მე გახლდით. დღემდე მახსოვს ის დარიგება , იმდენად, რომ თქვენი შეწუხების დროსაც ყურმილი ხელში მეწვის. დამიჯერეთ, ეს იყო პირველი და უკანასკნელი.

ახლა კი ლექსი, რომელსაც არასდროს დავბეჭდავ:

“ზურგს უკან მიდგას ჩემი სატანა

და ანგელოზი შიგნით,

მათ შუა ტანჯვით გამოვატარე

ჩემი ცხოვრების წიგნი.

ყველას თავისი უძევს ამფორა,

თვრება და კვდება მაგით,

თქვენს სულს, მშვენიერს ვერ ვეამბორე

მიწად საქცევი ბაგით.

მაგრამ გიზგიზად დახშულ საკანში

ეს ხომ შევიცან სიბრძნის:

ვინ მთლად იოლად დგება ბაქანზე,

ვინ_ წაქცევამდე იბრძვის.

მშვიდობით, თვალთა ჩემთა საჩინო

ბნელი არ ყოფნის შიგნით,

ერთადერთს თქვენ გთხოვთ_ გადაარჩინოთ

ჩემი ფერადი წიგნი!”

ეხ, როგორ გამომრჩა ჩვენი შეხვედრა ხალხით გაჭედილ მატარებელში! თქვენ სურამიდან მობრძანდებოდით, მე ჩემი ქარიანი სადგურიდან_აგარიდან. თქვენ სარკმელთან იჯექით, მზეს იჩრდილებდით მოგრძო ქაღალდით, რომელზედაც, ვფიქრობ სინონიმები გეწერათ(ალბათ, რომელიმე ტრაგედიას თარგმნიდით შექსპირიდან) მე კი სრულიად კომედიურად მეჭირა კარტოფილიანებით სავსე, ყურამოგლეჯილი კალათი. თქვენ ვერ, არ დამინახეთ. მე გავედი ჩემი ტვირთით კორიდორში, თბილისამდე ფეხზე ვიდექი და თბილისამდე ვტიროდი. მერე ის კარტოფილიანები ქრთამად მივეცი სადგურის კარში მდგარ “მედპერსონალს” არ გამსინჯოთ-მეთქი. (ხომ გახსოვთ იმ წლებში “ტიფის საწინააღმდეგოდ მიღებული ზომები”!) და ასე მშიერი, ფეხით ამოვედი ბელინსკის ქუჩამდე. განა დუმბაძის კალამი არ უნდა ყოველივე ამას?

მაპატიეთ, კიდევ ერთხელ მომიტევეთ, რომ გადაგღალეთ. “ვინ მთლად იოლად დგება ბაქანზე, ვინ-წაქცევამდე იბრძვის. ნაზი კილასონია”