ქუთაისი მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

20 – 25 ოქტომბერს ქუთაისი მესამედ უმასპინძლებს მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალს, რომელიც ქუთაისის მერიის და საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის ორგანიზებით, TBC კონცეპტისა და “თეგეტა ჰოლდინგის” მხარდაჭერით ჩატარდება.

საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, კინოთეატრ “საქართველოში” მაყურებელი მრავალფეროვან პროგრამას იხილავს. კინოჩვენებებთან და რეტროსპექტივებთან ერთად, ფესტივალი მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამას კინემატოგრაფისტებისთვის: მასტერკლასებს, დისკუსიებს და პრეზენტაციებს, ნაჩვენები იქნება თანამედროვე ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების პანორამა და გაიმართება ახალი ტალღის ქართველი დოკუმენტალისტების ფილმების პრემიერები.

ფესტივალზე ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს სამ კატეგორიაში: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი და საუკეთესო ოპერატორი. გამარჯვებულები ფესტივალის მთავარ პრიზს – “ოქროს დინოზავრს“ მიიღებენ.

დაჯილდოების ცერემონია 25 ოქტომბერს, კინოთეატრ „საქართველოში” ჩატარდება.