ნატალია ტროჰიმი მწერალთა სახლის რეზიდენციაში იცხოვრებს და ლიტერატურულ პროექტებზე იმუშავებს

უკრაინელი მწერალი, მთარგმნელი, ლიტერატურათმცოდნე და გამომცემელი ნატალია ტროჰიმი მწერალთა სახლის რეზიდენციაში იცხოვრებს და ლიტერატურულ პროექტებზე იმუშავებს.

ქართული ლიტერატურული საზოგადოება კარგად იცნობს უკრაინელ მწერალს, რომელიც უკრაინაში, წლების განმავლობაში, ხელმძღვანელობდა პოეზიის ფესტივალებს, თარგმნიდა ქართულიდან უკრაინულ ენაზე და ასე ცდილობდა უკრაინულ-ქართული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას.

2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მწერალთა სახლის მხარდაჭერით, ნატალია ტროჰიმმა უკრაინულ ენაზე თარგმნა ნატო ინგოროყვას წიგნი ,,მცოცავი ოკუპაცია”.

2023 წელს ნატალია ტროჰიმმა და გაგა ნახუცრიშვილმა დააარსეს გამომცემლობა „კუნძული“ – უკრაინული და ქართული ლიტერატურის შეხვედრის ადგილი. „კუნძულმა“ უკვე გამოსცა ეთერ თათარაიძის პოეტური კრებული, „ლექს ვარ ჯერაც გასაშიფრ“, რომელიც ნატალია ტროჰიმმა თარგმნა. ახლა კი ლესია უკრაინკას, მიკოლა ხვილოვის, ვასილ სტუსისა და კოტლიარევსკის თარგმნასა და გამოცემაზე მუშაობენ.

უკრაინაში ომის დაწყებიდან, ნატალია საქართველოშია, როგორც ლტოლვილი. მასზე ზრუნავდა პაკო სვიმონიშვილის დედა, ნინო რამიშვილი. მისი გარდაცვალების შემდეგ კი ეს მისია თავის თავზე აიღო მწერალთა სახლმა.

დღეიდან ნატალია ტროჰიმი მწერალთა სახლის რეზიდენციაში იცხოვრებს და ლიტერატურულ პროექტებზე იმუშავებს.