საქართველოს ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ პროექტის „ღვინის დიპლომატია – 47 გაუმარჯოს“ ფარგლებში მორიგი შეხვედრები გამართა და ქართული ღვინო “დონდღლაბი” ფუკუის პრეფექტურის გუბერნატორს, ტაცუჯი სუგიმოტოს, ქართული ღვინო “ოჯალეში” კი იშიკავას პრეფექტურის გუბერნატორს, ჰიროში ჰასეს გადასცა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტი იაპონიის 47 პრეფექტურისთვის საგანგებოდ შერჩეული 47 სხვადასხვა ქართული ყურძნის ჯიშისგან დამზადებული ღვინის საჩუქრად გადაცემას ითვალისწინებს და მიზნად ჩვენი ქვეყნის მეღვინეობის კულტურის იაპონიის რეგიონებში პოპულარიზებას ისახავს.
იშიკავა და ფუკუის 20 და 21-ე პრეფექტურაა, რომელთაც პროექტის ფარგლებში ქართული ღვინო გადაეცათ.
გარდა ამისა, საქართველოს ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა კანაძავას რეგიონის საგადასახადო ბიუროს ხელმძღვანელთან, ტოშიუკი მიაბასთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ელჩის ვიზიტს კანაძავაში.
ელჩმა ბატონ მიაბას ქართული ქვევრის ღვინის ისტორია და მისი დაყენების ტრადიციული მეთოდები გააცნო და აცნობა, რომ აღნიშნულ მეთოდს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.