ბელგიაში საერთაშორისო ფესტივალი ,,ევროპალია-საქართველო” გაიხსნა

ბელგიაში ოფიციალურად გაიხსნა კულტურის საერთაშორისო ფესტივალი „ევროპალია“, რომელშიც საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წელს პირველად მონაწილეობს. 4 ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით, მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებები ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში ჩატარდება „ევროპალია – საქართველოს“ ეგიდით.

გახსნაზე მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ეხილათ ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების ცენტრში (BOZAR) წარმოდგენილი გამოფენა ,,ავანგარდი საქართველოში – 1900-1936“ – რომელიც ევროპაში პირველად იმართება და აერთიანებს 25 მხატვრის 300-ამდე ექსპონატს, როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის მუზეუმებიდან და კერძო კოლექციებიდან. საზოგადოებამ ასევე მოისმინა ქართული ფოლკლორი და ტრადიციული მუსიკა ანსამბლ ,,ბასიანის” სოლო კონცერტზე.

კულტურის საერთაშორისო ფესტივალი „ევროპალია“ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მოიცავს კულტურულ და შემოქმედებით ღონისძიებებს, მულტიდისციპლინურ და მულტინაციონალურ პროექტებს, რომლებიც სტუმარი ქვეყნების კულტურულ მემკვიდრეობას, ტრადიციულ და თანამედროვე ხელოვნებას წარმოაჩენს.

ოთხი თვის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქართველოს მდიდარ და მრავალფეროვან კულტურულ მემკვიდრეობასა და ხელოვნებას. „ევროპალია – საქართველოს“ ფარგლებში 60-ამდე ღონისძიება ჩატარდება ბელგიაში, ჰოლანდიასა და საფრანგეთში. ევროპის საზოგადოება დაესწრება ეროვნული საგანძურის ორ მასშტაბურ და ისტორიული მნიშვნელობის გამოფენას, თანამედროვე ქართველი არტისტების პერსონალურ გამოფენებს, მულტიდისციპლინურ პერფორმანსებს, ტრადიციული, პროფესიული და თანამედროვე ელექტრონული მუსიკის კონცერტებს, თეატრალურ წარმოდგენებს, ლიტერატურულ შეხვედრებსა და ქართული კინოს რეტროსპექტივას.

ფესტივალის ორი ცენტრალური, ქვეყნისათვის უპრეცედენტოდ მასშტაბური გამოფენაა „ავანგარდი საქართველოში – 1900-1936“ და „საქართველო – შეხვედრების ადგილი“.

პირველი გამოფენა – „ავანგარდი საქართველოში – 1900-1936“ – ევროპაში პირველად იმართება და ის 4 ოქტომბერს გაიხსნა ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების ცენტრში (BOZAR). გამოფენა 2024 წლის 14 იანვრამდე გასტანს და მოიცავს 25 მხატვრის 300-ამდე ექსპონატს, როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის მუზეუმებიდან და კერძო კოლექციებიდან.

მეორე გამოფენა – ,,საქართველო – შეხვედრების ადგილი“ 27 ოქტომბერს გაიხსნება ბრიუსელის ისტორიისა და ხელოვნების მუზეუმში და აქ ოთხი თვის განმავლობაში გამოიფინება საქართველოს მუზეუმებში დაცული 200-ამდე ექსპონატი. გამოფენა საქართველოს ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას ასახავს ნეოლითის ხანიდან მე-18 საუკუნის ჩათვლით.

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნული და ვანის მუზეუმთა კოლექციები. საგულისხმოა, რომ საქართველოს საზღვრებს მიღმა პირველად იმოგზაურებს ქუთაისის, ბათუმის, ონისა და დმანისის მუზეუმების კოლექციები.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ქართულ ხელოვნებასთან დაკავშირებული ოთხი უნიკალური ნიმუში, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ მუზეუმებშია (ლუვრი, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი, ბერლინის ეროვნული ბიბლიოთეკა, ტიროლის სახელმწიფო მუზეუმი) დაცული.

გამოფენაზე ვიხილავთ კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, ეროვნული არქივის, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმისა და საქართველოს ხელოვნების სასახლის კოლექციებსაც.

თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება მსოფლიოში აღიარებული ქართველი არტისტების – კარლო კაჭარავას, თეა ჯორჯაძის, ანდრო ვეკუას შემოქმედებით. ასევე, მოეწყობა ელენე ჩანტლაძისა და ანდრო ერაძის გამოფენები.

საფესტივალო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ტრადიციული, პროფესიული და თანამედროვე მუსიკის კონცერტები.

ქართულ ტრადიციულ მუსიკას ევროპელ მსმენელს გააცნობენ საქართველოს ფოლკლორული ანსამბლები: „დიდგორი“, „ადილეი“, „ბასიანი“, „დები ჩამგელიანები“.

გორის ქალთა გუნდი, საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდი, თბილისის სიმფონიური ორკესტრი და სოლისტები შეასრულებენ იოსებ კეჭაყმაძის, ალექსი მაჭავარიანის, გია ყანჩელის, ვახტანგ კახიძის, ზვიად ბოლქვაძის, გოგი ჩლაიძის, ჯემალ ბეგლარიშვილის ნაწარმოებებს და წარმოაჩენენ ქართულ პროფესიულ მუსიკალურ-საკომპოზიციო ხელოვნებას.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი მუსიკოს-შემსრულებლები: ხატია ბუნიათიშვილი, სანდრო გეგეჭკორი, ცოტნე ზედგინიძე, ლიზა ბათიაშვილი, ვერიკო ჭუმბურიძე და მარიამ ბაწაშვილი.

ფესტივალზე ქართველი და ბელგიელი მუსიკოსები შეასრულებენ თანამედროვე ქართულ ელექტრონულ მუსიკას.

მკითხველი ექვსი თანამედროვე ქართველი პოეტი ქალის შემოქმედებას ფრანგულ და ჰოლანდიურ ენებზე გაეცნობა. ასევე, წარმოდგენილი იქნება გერმანიაში მოღვაწე ქართველი მწერლის, ნინო ხარატიშვილის, შემოქმედებაც.

ევროპალიაზე“ წარდგება: რეზო გაბრიაძის სახელობის მარიონეტების თეატრი, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი, სამეფო უბნის თეატრი და ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“.

ფესტივალზე გაიმართება ქართული კინოს რეტროსპექტივაც. საფესტივალო პროგრამა ასევე მოიცავს ქართველი და ევროპელი ხელოვანების ერთობლივ პროექტებს – ქორეოგრაფიულ თუ მუსიკალურ, მულტიდისციპლინურ პერფორმანსებს ნათია ჩიკვაიძის, ანუშკა ჩხეიძის, თამო ნასიძის და სხვა თანამედროვე ქართველი არტისტების მონაწილეობით.

ევროპალია – საქართველოზე“ საქართველოს წარსადგენი პროგრამა ფესტივალის სამუშაო ჯგუფმა შეადგინა და ფესტივალის მონაწილეები და ღონისძიებების გასამართავი სივრცეებიც სწორედ „ევროპალიის“ წარმომადგენლებმა შეარჩიეს. პროგრამის შემუშავების პროცესში აქტიურად მონაწილეობდა კულტურის სამინისტროც.