13,15,19,20,21 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სახელგანთქმული იტალიელი რეჟისორის, სცენოგრაფის, კოსტიუმების დიზაინერის, ქორეოგრაფის სტეფანო პოდას მიერ დადგმული ჯ. ვერდის „ბედის ძალა“ შესრულდება.
სტეფანო პოდამ შექმნა თავისებური ენა, რომელიც გასაგებია ისევე, როგორც მუსიკა, ქანდაკება, ფერწერა და არქიტექტურა. სტეფანო პოდას მიერ დადგმული გუნოს „ფაუსტი” (ტურინის Teatro Regio, 2015 წ.), დიდი წარმატებით გადაიცა მსოფლიოს კინოთეატრებში. ტურინის ოპერის თეატრშივე დადგმული მისი მასნეს “ტაისი” (2008 წ) BBC Music Magazine –მა შეიტანა ბოლო ოცი წლის განმავლობაში ოცი ღირსშესანიშნავი საოპერო ნაწარმოების სიაში. სტეფანო პოდას მსოფლიო კარიერა 100 სპექტაკლს ითვლის. 2019 წელს პოლ დიუკას „არიანა და ლურჯწვერას“ სტეფანო პოდასეულმა დადგმამ ტულუზის Théâtre du Capitole-ში მოიპოვა ყველაზე პრესტიჟული „კლოდ როსტანისა და ფრანგული კრიტიკის“ პრიზი საუკეთესო საოპერო დადგმისთვის.
ჯუზეპე ვერდის ოპერის „ბედის ძალა“ დამდგმელი დირიჟორია ზაზა აზმაიფარაშვილი, განათების მხატვრები სტეფანო გორერი, ქორმაისტერი ავთანდილ ჩხენკელი. სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები, გუნდი, ორკესტრი, საბალეტო დასის მსახიობები და ასევე მოწვეული მომღერლები.
ვერდის „ბედის ძალის“ (ოპერა დაფუძნებულია ანხელ საავედრას ესპანურ დრამაზე „დონ ალვარო, ანუ ბედის ძალა“. ლიბრეტოს ავტორია ფრანჩესკო მარია პიავე) მსოფლიო პრემიერა 1862 წლის 10 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის „ბოლშოი კამენნი“ ოპერის თეატრში შედგა. მას შემდეგ ოპერა დაიდგა რომში, მადრიდში, ნოუ-იორკში, ვენაში, ლონდონში. კომპოზიტორი არ იყო კმაყოფილი ოპერით და სულ მალე ანტონიო გისლანცონისთან ერთად მასში ცვლილებები შეიტანა. ახალი ვერსიით „ბედის ძალა“ 1869 წლის 27 თებერვალს „ლა სკალაში“ დაიდგა და დიდი წარმატება ხვდა წილად, ხოლო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში იგი 1877-1878 თეატრალურ სეზონზე შესრულდა. ხანგრძლივი დროის მანძილზე ეს ოპერა კომპოზიტორის ნაკლებად პოპულარულ ნაწარმოებად ითვლებოდა. მისი აღორძინება მე-20 საუკუნეში დაიწყო. „ბედის ძალის“ ყველაზე წარმატებულ დადგმებად ითვლება ლონდონის სამეფო ოპერის თეატრში 1992 წელს დადგმული სპექტაკლი და ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერას 1996 წლის წარმოდგენა. ამ ოპერის მთავარი პარტიების საუკეთესო შემსრულებლებად ითვლებიან ფრანკო კორელი, რენატა ტებალდი, ბორის ხრისტოვი და ეტორე ბასტიანინი.