ნიდერლანდების ულამაზეს და ისტორიულ კუნძულ ტექსელზე, სადაც შარშან ომში დაღუპული ქართველი გმირების მემორიალური მონუმენტი გაიხსნა, 10-13 ნოემბერს, ქართული კულტურის დღეები ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნიდერლანდების სამეფოში ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელი თიკა სვანიძე-ვენკო ავრცელებს.
“შეგიძლიათ მომილოცოთ, მეგობრებო და მიულოცოთ ყველა ემიგრანტ ქართველს!
ახლა ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მომენტია! მინდა გაგახაროთ ყველა, ვისაც ჩვენი სამშობლო უყვარს.
თავდაუზოგავი შრომის შედეგად მივაღწიე მიზანს და შემიძლია უკვე ოფიციალურად გაცნობოთ, რომ ნიდერლანდების ულამაზეს და ისტორიულ კუნძულ ტექსელზე, სადაც შარშან ომში დაღუპული ქართველი გმირების მემორიალური მონუმენტი გავხსენით, 10-13 ნოემბერს ქართული კულტურის დღეები ჩატარდება!
ჩემი ინიციატივით და ფინანსური ხელშეწყობით ჩაეყრება საფუძველი ამ ლამაზ ტრადიციას, რომელიც ქართველ ემიგრანტებს გააერთიანებს.
უამრავი ადამიანი მწერს, რომ მონუმენტის წყალობით საკუთარი დაკარგული ოჯახის წევრი იპოვა. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს იყო – ისტორიულ მეხსიერებაში არსებული სიცარიელის ამოვსება.
ამ დღეს მნიშვნელოვანი სტუმრები მთელი მსოფლიოდან პატივს მიაგებენ მეორე მსოფლიო ომში, ტექსელზე დაღუპულ ქართველებს, მომდევნო დღეებში კი გაეცნობიან ქართულ კულტურას – ღვინოს, ფოლკლორს, ჩვენს ძვირფას, უძველეს დამწერლობასა და ხელნაწერებს.
დიდება გმირებს, მათი ხსოვნა უკვდავია და დიდება საქართველოს!
მადლობა ღმერთს, რომ შემაძლებინა, საქართველოს ეს დღეები ვაჩუქო.
მადლობა ყველას, ვინც მხარი დაუჭირა ამ პროექტს და შესაძლებელი გახადა, რომ ეს დღეები შემდგარიყო.
ერთად ვაკეთოთ ქართული საქმე.
გთხოვთ, გააზიაროთ პოსტი, რათა ბევრმა ადამიანმა, განსაკუთრებით კი ემიგრანტმა გაიგოს საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვანი დღეების შესახებ”, – თიკა სვანიძე-ვენკო.