ქალაქ ბორდოში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, ქალაქ ბორდოში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა.

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში ქართული ღვინისა და ქართული რაგბის პოპულარიზაციის ერთობლივი ღონისძიებების ჩატარება ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის გაფორმებული მემორანდუმითაა გათვალისწინებული.

ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში „Cité du Vin“, ღვინის ეროვნული სააგენტოს უშუალო ორგანიზებითა და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველო საელჩოს მხარდაჭერით გამართული ქართული ღვინის წარდგენის ღონისძიება ორ ნაწილს მოიცავდა – ქართული ღვინის პროფესიული დეგუსტაცია, რომელსაც 80-მდე მოწვეული სტუმარი დაესწრო. დეგუსტაციას ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრის სომელიე უძღვებოდა, რომელმაც სტუმრებს ბორდოს მუზეუმის მარაგში დაცული ქართულ ღვინოები წარუდგინა; და საზეიმო ვახშამი სტუმრებისთვის, რომელთა შორის იყვნენ მსოფლიო რაგბის, საფრანგეთის სარაგბო ფედერაციის, ფიჯის სარაგბო გაერთიანების, საქართველოს რაგბის კავშირის, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და საკონსულოს წარმომადგენლები, ასევე, ქართველი ვეტერანი მორაგბეები, რომლებიც სხვადასხვა დროს თამაშობდნენ საფრანგეთის კლუბებში.