დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ნორვეგიელი ხელოვანის, პერ ჰესის, გამოფენა – „ნეონის შუქზე“ გაიხსნა.
პერ ჰესი 1946 წელს კონსბერგში დაიბადა. განათლება ოსლოს ხელოვნებისა და ხელოსნობის კოლეჯში მიიღო, მერე კი სამხატვრო აკადემია დაამთავრა. კონცეპტუალისტი ხელოვანი, უმთავრესად, დაინტერესებულია სინათლისა და ფერის გამომსახველობითი შესაძლებლობების შესწავლით.
მის ხანგრძლივ და უწყვეტ შემოქმედებით ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს 2013 და 2017 წლების ვენეციის ბიენალეებს.
ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი პერ ჰესის ნამუშევრები შექმნილია ნეონის ტექნიკით. როგორც გარეგანი, ისე შინაგანი სინათლის მისეული აღქმა და ასახვა ძალიან მასშტაბურია. შუქისა და ფერის ურთიერთობა მის შემოქმედებაში უწყვეტი პროცესია, როგორც მეტაფიზიკური და სულიერი, ისე – სამეცნიერო თვალსაზრისით. სწორედ ეს გახდა პერ ჰესისათვის შემოქმედებითი შთაგონების მნიშვნელოვანი სტიმული.
გამოფენა, რომელიც ნორვეგიის საელჩოს მხარდაჭერით იმართება, ეროვნულ გალერეაში 30 ოქტომბრამდე გასტანს.