ბათუმში, World Travel Awards-ის დაჯილდოების ღონისძიებაზე აჭარამ სპეციალური პრიზი მიიღო. ის ევროპის ყველა სეზონის ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. ტურიზმის ოსკარი მოიპოვა ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმაც. ევროპის წამყვანი ბოტანიკური ბაღის ნომინაციაში მან კონკურენცია მადრიდის, ედინბურგის, ბერლინის და სხვა ცნობილი ევროპული ქვეყნების ბოტანიკურ ბაღებს გაუწია. რაც შეეხება ბათუმს, ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ჯილდო ბათუმმა წელს ისევ მოიპოვა.
World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო ევროპის წამყვანი საზღვაო ტურისტული მიმართულებისთვის მიიღო ლისაბონმა, ევროპის წამყვანი სათავგადასავლო ტურისტული მიმართულებისთვის ჰუესკამ, ესპანეთი და ევროპის წამყვანი ტურისტული ატრაქციისთვის პასიდოშ დუ პაიავამ, სამხრეთ კორეამ. ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ საუკეთესო სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ავიაკომპანიები და ტურისტული ატრაქციები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. მათ შორის საქართველოდან World Travel Awards–ის ჯილდო მიიღო კოლხეთის ეროვნულმა პარკმა, სასტუმროებმა და სხვადასხვა კომპანიებმა.
ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილ ღონისძიებას „World Travel Awards“-ის საიუბილეო, ევროპის გალა ცერემონიას საქართველომ წელს პირველად უმასპინძლა. ღონისძიება ულამაზესი ქართული შოუ პროგრამით გაიხსნა, რომელშიც ქართული კულტურა, ხელოვნება, ტრადიციები, ისტორია და სტუმარმასპინძლობა იყო წარმოჩენილი.
ღონისძიების ფარგლებში ბათუმს 24 ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის, მედიისა და ტურიზმის სამთავრობო უწყებების 300-მდე წარმომადგენელი სტუმრობდა, მათ შორის პორტუგალიიდან, ხორვატიიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან აშშ-დან, ნორვეგიიდან, შვეიცარიიდან, გიბრალტარიდან და ნიდერლანდებიდან. აღსანიშნავია, რომ „World Travel Awards“-ს წელს 30 წელი შეუსრულდა, საიუბილეო გალა ცერემონიას კი ბათუმში საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები და უცხოელი ბლოგერები დაესწრნენ, მათ შორის Euronews-ის, Wanderlust-ის, Emerging Europe-სა და EarthPix-ის ხელმძღვანელი პირები.
,,World Travel Awards” დაჯილდოება 1993 წლიდან სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის ყველა სექტორში საუკეთესო მიმართულებებისა და კომპანიების გამოვლენისა და დაჯილდოების მიზნით იმართება. ჯამში, დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები.