ბათუმი, „World Travel Awards“-ის ევროპის დაჯილდოების გალა ცერემონიამდე ერთი დღით ადრე, ტურიზმის საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ტურიზმის სფეროს ექსპერტები, ინდუსტრიის წამყვანი სპეციალისტები და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები მდგრადი ტურიზმის განვითარებისა და ინოვაციური მარკეტინგული სტრატეგიების მიმართულებით საუბრობენ. პანელურ სესიას, რომელზედაც საერთაშორისო მედიასაშუალებების EURONEWS, Wanderlust Travel Media, Emerging Europe, EARTHPIX ხელმძღვანელი პირები გიბრალტარის ტურიზმის საბჭოს აღმასრულებელ დირექტორთან ერთად ფორუმის მთავარ თემებს განიხილავენ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე უძღვება. „Visit Batumi“, როგორც ევროპის წამყვანი ოთხი სეზონის ტურისტული დანიშნულება“- ამ მიმართულებით სტუმრებს სპეციალური პრეზენტაცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა წარუდგინა. თინათინ ზოიძემ ბათუმის საერთაშორისო ტურიზმის ფორუმის სტუმრებს რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებზე, სერვისებსა და შესაძლებლობებზე ესაუბრა.
ღონისძიების დასრულების შემდეგ ფორუმისა და „World Travel Awards“-ის ევროპის დაჯილდოების გალა ცერემონიის სტუმრებისთვის დაგეგმილია ტურები რეგიონისა და ქვეყნის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის, ტრადიციებისა და ქართული სტუმარმასპინძლობის გასაცნობად. 28-29-30 სექტემბერს რეგიონის სტუმრებისთვის ჩატარდება საინტერესო ტურები, მასტერკლასები, დეგუსტაციები, ფოლკლორული სიმღერისა და ცეკვის შოუები. გასვლითი ტურების ფარგლებში სტუმრები მოინახულებენ ბათუმის ძველ და ახალ ნაწილს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, VI საუკუნის პეტრას ციხეს, მტირალას ეროვნულ პარკს, გონიოს ციხეს, მთიან აჭარას და რეგიონის სხვა ღირსშესანიშნაობებს.
29 სექტემბერს, კი ბათუმში გაირკვევა რომელი ქვეყნები, ქალაქები და კომპანიები დასახელდება ევროპის წამყვან ტურისტულ მიმართულებებად თუ კომპანიებად და რომელი მათგანი აიღებს „World Travel Awards“-ის პრესტიჟულ ჯილდოს. World Travel Awards“-ის ნომინაციებში წელს, ბათუმთან ერთად ბათუმის ბოტანიკური ბაღი და ბულვარიც იქნება წარდგენილი. ბათუმის ბოტანიკური ბაღი ევროპის წამყვანი ბოტანიკური ბაღის ნომინაციაში მადრიდის, ედინბურგის, ბერლინის და სხვა ცნობილი, ევროპული ქვეყნების ბოტანიკურ ბაღებს გაუწევს კონკურენციას. ბათუმის 10 კონკურენტს შორის კი წელს ვილნიუსი(ლიეტუვა), ლუბლიანა (სლოვენია), ბრაგა (პორტუგალია), მატერა (იტალია) და მლჯეტია (ხორვატია) წარმოდგენილი. რაც შეეხება ბულვარს, ის ევროპის წამყვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობის ნომინაციაზე ეიფელის კოშკის, საგრადა ფამილიას, კოლიზეუმის, ბუკინგების სასახლისა და აკროპოლისის გვერდითაა დასახელებული. ცნობისთვის, ტურიზმის „ოსკარი“ ბათუმმა პირველად 2019 წელს აიღო. გასულ წელს, კი World Travel Awards “-ის ევროპის ჯილდოს მოპოვების შემდეგ ბათუმმა ტურიზმის „ოსკარი“, უკვე როგორც მსოფლიოს სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ მოიპოვა.
საქართველო ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილ ღონისძიებას „World Travel Awards“ პირველად მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში ბათუმს 24 ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის, მედიისა და ტურიზმის სამთავრობო უწყებების 300-მდე წარმომადგენელი ესტუმრება, მათ შორის პორტუგალიიდან, ხორვატიიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან აშშ-დან, ნორვეგიიდან, შვეიცარიიდან, გიბრალტარიდან და ნიდერლანდებიდან. აღსანიშნავია, რომ „World Travel Awards“-ს წელს 30 წელი უსრულდება, საიუბილეო გალა ცერემონიას კი ბათუმში საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები და უცხოელი ბლოგერები დაესწრებიან, მათ შორის იქნებიან Euronews-ის, BBC-ის, Wanderlust-ის, Emerging Europe-სა და EarthPix-ის ხელმძღვანელი პირები.