26,27, 28 და 29 სექტემბერს, ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, ტონინო გუერას სახელობის ფონდის ორგანიზებით, ბუნებისა და ხელოვნების ფესტივალი „მწვანე საღამოები” გაიმართება.
26 სექტემბერს, ბუნებისა და ხელოვნების ფესტივალი მწვანე საღამოები (Serate Verdi) ტონინო გუერას სახელობის “დავიწყებული ხილის ხეივანში” ახალი ნარგავების დარგვით დაიწყო. დაირგა ახალი ნერგები, მათ შორის საქართველოს პატრიარქის ილია II სახელობის ზეთისხილის ნერგი. აღიმართა ქანდაკება ინსტალაცია “პოეტის ფრთები” (რომელიც გალაკტიონ ტაბიძეს და სანდრო მრევლიშვილის სპექტაკლს “უსაზღვრობა დროთა, გალაკტიონი” მიეძღვნა. წარმოდგენილი იყო ქანდაკება “ფოთლების ტაძარი” – მეორე ნაწილი.
27 სექტემბერს საქართველოს სიმფონიეტა და ცნობილი იტალიელი კომპოზიტორი და აკორდეონისტი სიმონე ზანკინი ერთობლივ კონცერტს გამართავენ, ხოლო 28 სექტემბერს სიმონე ძანკინის სოლო კონცერტი შედგება.
29 სექტემბერს კი ფესტივალი თბილისის ქალთა გუნდის და ფოლკლორული ანსამბლის “ბიჭები” კონცერტით დაიხურება.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან თბილისის მერია და იტალიის საელჩო საქართველოში.
ტონინო გუერას ხეივანი ბოტანიკურ ბაღში 2020 წელს გაშენდა, სადაც იშვიათი ჯიშის ხეხილის ნერგებია დარგული, რომლებიც ტონინო გუერას ოჯახისა და მისი სახელობის ფონდის მხარდაჭერითაა შემოტანილი.
ტონინო გუერას სახელობის “დავიწყებული ხეხილის ხეივანში” დარგულია ნატა ვაჩნაძის, სოფიკო ჭიაურელის, ჭაბუა ამირეჯიბის, რეზო თაბუკაშვილის, ნოდარ დუმბაძის, სანდრო მრევლიშვილისა და სხვა საზოგადო მოღვაწეების სახელობის ხეხილის ნერგები.