სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ლერი აბულაძე (63 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, ქართველმა ფალავანმა ფინალში აზერბაიჯანელი მოჭიდავე დაამარცხა, მანამდე კი თურქ, უკრაინელ და ფრანგ მეტოქეებს აჯობა.
ლერი აბულაძემ ზედიზედ მესამედ იჭიდავა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში და ორი წარუმატებელი ცდის შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მაინც მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებმა ტურნირი ორი მედლით დაასრულა, ორი დღის წინ ნუგზარ წურწუმია (55 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა.