თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

23-30 სექტემბერს, თელავში, ელისო ვირსალაძის კლასიკური მუსიკის ცენტრი მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს მართავს, რომელიც უდიდესი ქართველი პიანისტის, ანასტასია ვირსალაძის დაბადებიდან 140 წლისთავს ეძღვნება.

მსმენელის წინაშე გამოჩენილი პიანისტები ელისო ვირსალაძე და დანგ ტაი შონი, დავიდ ოისტრახის კვარტეტი, ასევე საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები პიანისტი ჟან-ბერნარ პომიე, მევიოლინე ოლგა მარტინოვა, ჩელისტები ჰაიუნგ ჩოი და იბაი ჩენი, ფლეიტისტი ირაკლი ევსტაფიშვილი წარდგებიან.

საფესტივალო ორკესტრს უდირიჟორებს ფესტივალის დიდი ხნის მეგობარი არიელ ცუკერმანი. ორკესტრის შემადგენლობაში იქნებიან თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტას“, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრის და უცხოეთიდან მოწვეული მუსიკოსები.

და როგორც ყოველთვის, სამუსიკო სკოლების მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის მასტერკლასებს ჩაატარებენ გამოჩენილი მუსიკოსები.

ფესტივალის განმავლობაში თელავის თეატრის ფოიეში გაიმართება ანასტასია ვირსალაძისადმი მიძღვნილი გამოფენა.