ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები სტამბოლის ღვთისმშობლის ქართული კათოლიკური ეკლესიის ფონდის ბიბლიოთეკაში დაცულ უნიკალურ საარქივო მასალებს ამუშავებენ

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები ლევან თაქთაქიშვილი, ნათია კობახიძე და ქეთევან თომაძე მივლინებით სტამბოლში იმყოფებიან. ისინი სტამბოლის ღვთისმშობლის ქართული კათოლიკური ეკლესიის ფონდის ბიბლიოთეკაში დაცულ უნიკალურ საარქივო მასალებს ამუშავებენ და აციფრებენ. ეს ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლების მეორე ვიზიტია სტამბოლის ქართულ კათოლიკურ ეკლესიაში.

სტამბოლის ქართული, კათოლიკური მონასტრის ფონდი შედგება წიგნების და პერიოდული გამოცემების, ხელნაწერი ფონდის, ნეგატივების, ფოტომასალის და წერილებისგან.

“პირველი ვიზიტისას ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა მიაკვლიეს ნეგატივების კოლექციას, რომელიც მონასტრის ძველ შენობაში ინახებოდა. გაციფრულდა ფოტომასალა, წერილები და ხელნაწერების ნაწილი, ეკლესიის მრავალტომეული ხელნაწერი წიგნები, რომელშიც წლების განმავლობაში ხდებოდა ეკლესიაში შემოსული და ეკლესიიდან გასული წერილების გადაწერა.

ჩვენმა თანამშრომლებმა ასევე მიაკვლიეს ეკლესიის ფერწერულ ხატს „საქართველოს დიდება“, რომელიც სახელდახელოდ გაიწმინდა, ასევე – ლეო კერესელიძის ფერწერულ პორტრეტს.

ამჟამად გრძელდება სტამბოლის ქართული, კათოლიკური მონასტრის ბიბლიოთეკაში დაცული დოკუმენტების (ფოტოების, ხელნაწერებისა და სხვა მასალების) გაციფრების პროცესი. გაციფრულებული მასალები ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბაზა „ივერიელში“ განთავსდება”, – ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.